სამართალი
OSCE: „დამკვირვებელთა განუსაზღვრელი რაოდენობა და რაც შეიძლება მალე!“

1-angariSi-samarTali-1თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ეუთო თავის წევრ-სახელმწიფოებს 400-მდე დამკვირვებლის გამოგზავნას სთხოვს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.

ექსპერტების ძირითადი გუნდის გარდა, ეუთო აპირებს 28 გრძელვადიანი დამკვირვებლის განთავსებასაც, რომლებიც არჩევნების დღემდე გააკონტროლებენ საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით და, ასევე, 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნას არჩევნების დღის პროცედურებზე, მათ შორის, ხმის მიცემის, ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების მონიტორინგის მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია შემფასებელი მისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს 11-15 ივნისს სტუმრობდა.

შეგახსენებთ: აპრილის დასაწყისში საქართველომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), ასევე, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით.

ამ თხოვნის საფუძველზე ODIHR-მა ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში საჭიროებათა შემფასებელი სამწევრიანი მისია გამოაგზავნა სადაკვირვებლო საქმიანობის მასშტაბის განსაზღვრის მიზნით.

„საჭიროებათა შეფასების მისიის თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს „OSCE/ODIHR“-ის სადამკვირვებლო საქმიანობის საჭიროებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად ჩაითვალა წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ყოფნა არჩევნების დღემდე საკმარისად ადრე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესრულება და მისი ზეგავლენა, მედიის მუშაობა, პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების გამოყენება, გასაჩივრების სისტემის მუშაობა და კამპანიის მიმდინარეობა.

ეუთომ უკვე დაიწყო მისიის თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესი. მისიის ხელმძღვანელის პოსტზე, ასევე, პოლიტიკური, სამართლებრივი, მედიისა და კამპანიის ფინანსების საკითხებში ანალიტიკოსების პოზიციებზე განაცხადების წარდგენის ვადა 17 ივლისს იწურება.

ცნობისათვის: ჩვეულებრივ, OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიების განთავსება არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე ხდება.

„OSCE/ODIHR“-ის ყველაზე მსხვილი სადამკვირვებლო მისია, რომელიც ოდესმე განთავსებულა საქართველოში, 2003 წელს ჰყავდა, როდესაც 34 საარჩევნო ექსპერტი და გრძელვადიანი დამკვირვებელი, ასევე, დაახლოებით, 390 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნა გამოგზავნილი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგებიც ნაწილობრივ გაუქმდა.