აქტუალური
ჩინურმა „ჰუალინგ ჯგუფმა“ „ბაზისბანკი“ შეიძინა

1-bazis-aqtualuri-3თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ჩინურმა საფინანსო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფიმ“ „ბაზისბანკის“ 90 პროცენტი იყიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა თამარ ხადურმა განუცხადა. ბანკი არ ასახელებს თანხას, რამდენად შეიძინა ჩინურმა საფინანსო ორგანიზაციამ „ბაზისბანკის“ აქციები.

ახალი მფლობელები ორი წლის განმავლობაში 100 მლნ-ის ინვესტირებას და ბანკის ქსელის გაფართოებას აპირებენ. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე  ჯან ჯუნის თქმით, „ბაზისბანკში“ მენეჯმენტის შეცვლა და თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება.
ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“ „ბაზისბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ციხისთავისა და სხვა აქციონერებისგან აქციების 90% შეიძინა. შესაბამისი ხელშეკრულება 28 ივნისს გაფორმდა.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ევრობანკსა და ბანკის დამფუძნებელ ზურაბ ციხისთავს აქციების მინორიტარული პაკეტი დარჩებათ. ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. ხელშეკრულების თანახმად, ციხისთავი გააგრძელებს მუშაობას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
ცნობისათვის: „ბაზისბანკი“ 1993 წელს დაარსდა. 2008 წელს კი ბანკის აქციების 15% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეიძინა.
რაც შეეხება „ჰუალინგ ჯგუფს“, კომპანია 1995 წელს დაარსდა, საქართველოს ბაზარზე კი ის 2006 წელს გამოჩნდა. კომპანია ინვესტირებას ხეტყის ინდუსტრიის გამოკვლევაში, ხისა და, ძირითადად, სასაქონლო სამთო მრეწველობის განვითარებაში ახორციელებდა. „ჰუალინგ ჯგუფმა“ დააარსა ინდუსტრიული ზონა ქუთაისში.