საზოგადოება
950 ათასი ლარი – საქართველოში უმუშევართა რაოდენობის დასადგენად?

1-umuSevroba-sazogadoeba-2თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. მთავრობაში დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც ეს უწყება 950 ათას ლარს მიიღებს 2012 წელს დარჩენილ ექვს თვეში.

მინისტრობის კანდიდატმა პაატა ტრაპაიძემ – მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალმა ფიგურამ, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, განაცხადა, რომ მის აპარატში, დაახლოებით, 20-25-კაციანი ეფექტური ჯგუფი იმუშავებს დასაქმების პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, უმუშევართა რეესტრის შესაქმნელად.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისა და პროგრამის განხილვის დროს განაცხადა, რომ მთავრობისთვის არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რამდენია ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა.

„ჩვენ, მთავრობის წევრებმა, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით საქართველოში დასაქმების პრობლემებზე, – განაცხადა მერაბიშვილმა 3 ივლისს. –ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი პროფესიის ადამიანები ყველაზე ნაკლებად პოულობენ სამსახურს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის პროფესიებზე არის საქართველოში მოთხოვნა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის გადამზადება უნდა მოხდეს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ არის გადანაწილებული უმუშევრობა რეგიონების მიხედვით, ქალაქების მიხედვით“.

ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად, რომლის მიხედვითაც ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები არ იცვლება, ახალი სამინისტროსთვის ფინანსები ლარის გაცვლითი კურსის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე გამოიყოფა.

ამავე პროექტის მიხედვით, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა, კიდევ ერთი ტექნიკური ცვლილება შედის ბიუჯეტში, რაც კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლას უკავშირდება. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ამ უწყებას კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შედეგად „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“ დაერქვა, ხოლო მის ხელმძღვანელს – „გენერალური აუდიტორი“.

საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს, 4 ივლისის, საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს.