თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტრო“ იწყებს პრომოაქციას „მაესტრო“ ყველა ოჯახში“. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია „მაესტრო“ აგრძელებს განვითარებას და როგორც მედიაბიზნესი საკუთარ მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქართულ ტელებაზარზე.ჩვენ, როგორც კომპანიის მფლობელები, დაინტერესებულნი ვართ ტელევიზიის განვითარებით. ამ მიზნით და ბიზნესგეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში, კომპანიაში უკვე განხორციელდა გარკვეული ინვესტიციები, „მაესტრო“ უკვე ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სტატუსით სარგებლობს თბილისის მასშტაბით.
სექტემბრიდან „მაესტრო“ ახალი პავილიონითა და განახლებული შეფუთვით დაიწყებს სეზონს. განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩვენი მიზანია, „მაესტროს“ პროდუქცია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სწორედ ამიტომ ტელეკომპანია იწყებს პრომოაქციას „მაესტრო“ ყველა ოჯახში“.
აქციის ფარგლებში იგეგმება სატელიტური თეფშების დარიგება რეგიონების მოსახლეობისთვის. კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ეს ნაწილი შესაძლებელს გახდის, დააკმაყოფილოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტელემაყურებელთა ინტერესი და აამაღლოს „მაესტროს“ ცნობადობის დონე.
ვთვლით, რომ ტელევიზიის გავრცელების ზონის გაფართოება უმნიშვნელოვანესი და ყოვლად აუცილებელი ფაქტორი გახდება კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების საქმეში“.