თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „მეტი სარგებელი ხალხს“, ნდობას დღეს რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღესვე დეპუტატები მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებენ, რომლის მიხედვით, ახალი უწყების – დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის – დაფინანსება 950 ათას ლარამდე განისაზღვრა.მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას საპარლამენტო ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – წევრებიდან მხოლოდ ჯონდი ბაღათურია დაესწრება.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაიკავებს, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია შეცვლის. თავდაცვის მინისტრი განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გახდება, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ახლად დანიშნული უფროსი ხატია დეკანოიძე შეცვლის; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას დალი ხომერიკი დაიკავებს. ამავე ცვლილებების ფარგლებში, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება, რომელსაც სათავეში პაატა ტრაპაიძე ჩაუდგება (ხელმძღვანელი კომპანიისა, რომელმაც ბოლო წლებში განახორციელა მრავალრიცხოვანი სახელმწიფო შეკვეთა გზების, ხიდების, კომუნიკაციების მშენებლობაში, მათ შორის – სამხედრო აეროდრომებისა და სხვა ობიექტების).
დღევანდელ სხდომაზევე დეპუტატები პირველი მოსმენით ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით განიხილავენ. შესაბამისი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედველობას განახორციელებს, ასევე, სააგენტოს დებულებას დაამტკიცებს და სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. ცვლილება ეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობასაც, რომელიც 9-ის ნაცვლად 3 წევრით განისაზღვრება.
მინისტრთა განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დეპუტატებმა გუშინ გამართეს. საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე კი ახალი მინისტრების გარდა, სხვა მინისტრებიც მივიდნენ. პარლამენტში გუშინ მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არ მისულან.