აქტუალური
ლილოში ქლორმა გაჟონა

1-lilo-aqtualuri-1თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 73 ადამიანიდან 40 კვლავ საავადმყოფოებში რჩება. როგორც თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა, მოწამლულთა დინება კლინიკებში დილის 06:00 საათამდე გრძელდებოდა.

მისივე ინფორმაციით, ჯამში კლინიკებს დასახმარებლად 73 მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან დილის 08:00 საათისთვის 33 გაეწერა.

„09:00 საათიდან გაწერის ახალი ნაკადი დაიწყო და ეს პროცესი, დაახლოებით, 2-3 საათში დასრულდება. ყველას დიაგნოზი იყო მსუბუქი ინტოქსიკაცია და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა, ნარიმანიძის, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“, – აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.

ამასთან, ინგოროყვას სახელობის ნეიროქირურგიის კლინიკაში ამჟამად ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული ხუთი პაციენტი რჩება.

როგორც კლინიკის ემერჯენსის ექიმმა სოსო მაისურაძემ განაცხადა, ორი მოწამლული ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რომელთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. მაისურაძის განმარტებით, დანარჩენებმა კლინიკა დილით დატოვეს.

სულ ინგოროყვას კლინიკაში 31 მოწამლული მიიყვანეს, მათ შორის, 13 წლის ბავშვი და ფეხმძიმე ქალი, რომლებიც შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადაიყვანეს.

ცნობისათვის: ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ კერძო საწარმოში ავზიდან ქლორმა წუხელ, დაახლოებით, 21.00 საათზე გაჟონა. მაშველებმა თავდაპირველად ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, თუმცა ავზიდან ქლორმა ხელმეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს. ამჟამად ქლორის ავზი საქნავთის ტერიტორიიდან დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.

მოიწამლა 73 ადამიანი. მოწამლულები წუხელვე მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.