სამართალი
კონტროლის პალატა – ახალი ფორმა, ძველი შინაარსი?

1-auditi-aqmarTali-1თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური აუდიტორი ეწოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული არ ითვალისწინებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მათივე განმარტებით, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTOSAI) და მსოფლიო პრაქტიკა იცნობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების 3 ძირითად სახეს, მათგან ერთ-ერთი საპარლამენტო სისტემაა, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც ვესტმინსტერული მოდელი. მისი განმასხვავებელი ნიშანი სხვა სახეებისგან არის ის, რომ მას ერთპიროვნულად მართავს არჩეული პირი, ხოლო თავად დაწესებულება საპარლამენტო ანგარიშვალდებულების სისტემის ნაწილია.

ამ მოდელისთვის დამახასიათებელი სახელწოდება მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური (National Audit Office, State Audit Office), ხოლო მისი ხელმძღვანელი კანონმდებლობაში მოიხსენიება როგორც გენერალური აუდიტორი (Auditor-General).

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) წევრი ინსტიტუტების 95%, რომლებიც ვესტმინსტერულ მოდელს მიეკუთვნებიან, სწორედ ამ სახელწოდებებს იყენებენ.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მიმდინარეობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, რამაც არსებითად შეცვალა უწყების ბუნება და როლი საჯარო ფინანსების მართვაში. მაკონტროლებელი საქმიანობის ნაცვლად უწყება ახორციელებს რისკზე დაფუძნებულ თანამედროვე აუდიტს.

ამდენად, უწყებაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ინსტიტუციონალური რეფორმა და მსოფლიო პრაქტიკა აისახა მის სახელწოდებაზე და უწყებას ეწოდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, მის არჩევით ხელმძღვანელს კი – „გენერალური აუდიტორი“.

შესაბამისად, შეიქმნა უწყების ახალი ვებგვერდი www.sao.ge და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდი www.saomonitoring.ge, რომლებზეც შესვლა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე მთავარი ვებგვერდიდან. აღნიშნული ვებგვერდები მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყებს ფუნქციონირებას.