საზოგადოება
საქართველოში შემოღებული იქნება „სამსახურის მაძიებლისა“ და „უმუშევრის“ სტატუსი

1-trapaiZe-sazogadoeba-1თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პაატა ტრაპაიძე, სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება.

ცნობისათვის: 2005 წელს დაარსებულიკავკასუს როუდ პროჯექტისახელმწიფოს დიდი ხნის კონტრაქტორი კომპანიაა. მისი საქმიანობის სფეროებია გზების, ხიდების, გვირაბების, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და .. მშენებლობა. ეს კომპანია მონაწილეობდა ქუთაისში ახალი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაში.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან პოზიციური, ოპოზიციური, საპარლამენტო თუ გარეთ, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ, – თუ მათ ექნებათ რაიმე წინადადება, მე ღია ვარ ყველასთვის. და მე მინდა, ერთი რამე ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად ეროვნებისა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მიიღოს ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ, მაგრამ ამისათვის თვითონაც უნდა გაიგოს, თუ რა უნდა ... თვითოეულმა ჩვენგანმა უნდა ნახოს თავისი ადგილი საზოგადოებაში“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მისი სამომავლო უწყება აპირებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს განათლების, სოფლის მეურნეობის, ინფრასქტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.

მინისტრის ახალი კანდიდატურის წარდგენისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა“.

პრეზენტაცია, რომელიც ტელევიზიით გადაიცა და რომელსაც სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კვალიფიკაციის ამაღლების ახალი მშენებარე ცენტრის წინ გაიმართა.

„პაატა (ტრაპაიძე, – საქინფორმი) არასოდეს პოლიტიკაში არ ყოფილა ჩართული და მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დასაქმების დარგში განხორციელებული სამშენებლო პროექტების ფარგლებში, – განაცხადა მერაბიშვილმა. – უახლოეს დღეებში ჩამოაყალიბებს კონცეფციას, შექმნის ბაზებს, აღწერს საქართველოში არსებულ ყველა უმუშევარს, აღწერს საქართველოში არსებულ ყველა ვაკანსიას, ის დაეხმარება იმ ადამიანებს, ვინც სამსახურს ეძებს და დაეხმარება იმ დამკვეთებს, რომლებიც ეძებენ თანამშრომლებს. მოეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და მოეხმარება მთელ მთავრობას, კოორდინაციას გაუწევს, რათა მთავრობის თითოეული წევრი, ნებისმიერი სამინისტრო იყოს კოორდინირებული ამ მთავარი პრობლემის მოგვარებაში“.

„მე პირადად ვაპირებ, ვებრძოლო საქართველოში უმუშევრობას ისევე, როგორც წლების განმავლობაში ვებრძოდი კრიმინალს და კორუფციას“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

„საქართველოში არის დარჩენილი ძალიან ბევრი პრობლემა, საქართველოში კვლავაც არსებობს გაჭირვება, არსებობენ ბევრი ადამიანები, ვინც დაუსაქმებელია, არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი ჯანმრთელობის დაცვაზე, – განაცხადა მან. – მე მინდა, საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალოთ სიტუაცია ამ მიმართულებით“.

„ამ სამინისტრომ უნდა მოამზადოს საფუძველი იმისათვის, რომ ის რესურსები, ის თანხები, ის ინიციატივები, რომლებიც ექნება ჩვენს მთავრობას, მოარგოს დასაქმებას, – განაგრძო მან. – ბიუჯეტის დაგეგმვისას და ახალი ინიციატივის წამოწყებისას შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება, თუ რამდენად ემსახურება ის დასაქმებას“.

მერაბიშვილის თქმით, შემოღებული იქნება სპეციალური სტატუსები – „სამსახურის მაძიებლის სტატუსი“ და „უმუშევრის სტატუსი“.