პოლიტიკა
მერაბიშვილი მთავრობის პროგრამის ძირითადი პუნქტების შესახებ

1-vano-politika-2თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის ოთხწლიანი პროგრამის ძირითადი პუნქტები გააჟღერა, რასაც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია დაეფუძნება.

პროგრამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, როდესაც პროგრამის ტექსტი პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

მერაბიშვილმა პროგრამის ძირითად თეზისებზე დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარდგენისას ისაუბრა.

„2013 წელს პრეზიდენტის დაპირება 100-დოლარიანი პენსიის შესახებ შევა ძალაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა. იგი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ოთხი წლის წინ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიცემულ დაპირებას გულისხმობდა, რომლის თანახმადაც, მინიმალური პენსია 100 აშშ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო.

2012 წლის სექტემბრიდან ხელისუფლება ახალი „საპენსიო პაკეტის“ შემოღებას გეგმავს, რომლის თანახმად, პენსია არსებული 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდებათ 67 წლის ასაკზე უფროს პენსიონერებს; 25 ლარით გაეზრდებათ მათ, ვისაც სტაჟის დანამატი არ აქვს, ხოლო 15 ლარით – იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10-ლარიან დანამატს იღებენ; ამასთან, სექტემბრიდან ყველა პენსიონერი მიიღებს 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს. თუმცა ჯამურად ეს თანხა დაპირებულ 100 დოლარს მაინც ვერ აღწევს.

ამავე დროს, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიები საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება, ხოლო თავად საარსებო მინიმუმი გადაიხედება, რათა ის რეალურ მაჩვენებელს მიუახლოვდეს. საქსტატის მონაცემებით, მაისში საარსებო მინიმუმი ოჯახისთვის – 251.8 ლარს, ხოლო ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 150.1 ლარს შეადგენდა.

„ჯანმრთელობის დაზღვევა თითოეული მოქალაქისთვის“. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა 3 მილიარდ ლარს გამოყოფს ჯანდაცვაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს დაზღვევა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს გეგმას წარმოადგენს საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქისთვის დაზღვევის ძირითადი პაკეტის უზრუნველყოფა. თუმცა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი თითოეულ და ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობის დაზღვევას დაჰპირდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა ივნისის შუა რიცხვებში, რომ საქართველოში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა იქნეს შემოღებული.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მხარდაჭერა, რათა მომდევნო ოთხ წელიწადში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაორმაგდეს. 2012 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა მშპ-ში 9,6% შეადგინა.

„ამ მიზნით ვაპირებთ 4 მილიარდი ლარის ჩადებას საქართველოს სოფელში, საქართველოს სოფლის განვითარებისთვის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდს გამოყოფს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალური ფონდისთვის, რომელიც გლეხებს დაეხმარება.

მერაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვდებ პირობას, რომ საქართველოს სოფელი გახდება საქართველოს გაძლიერების საფუძველი“.

„მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში იქნება წყალი; მე ვდებ პირობას, რომ დასრულდება გაზიფიკაციის ყველა პროექტი; მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში შევა გზა შესაბამისი ხარისხის; მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში იქნება ინტერნეტი და თითოეული სოფლის მკვიდრს ექნება საშუალება, მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მან.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საქართველოს თითოეულ ოჯახს 1000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელიც ოთხ წელიწადზე გადანაწილდება.

„მე გამოვდივარ ახალი ინიციატივით, რომ ჩვენ მომავალი წლიდან თითოეულ ქართულ ოჯახს გადავცემთ ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს, – განაცხადა მან. – ჩვენ გვინდა, რომ ამ ათასლარიან ვაუჩერზე თითოეულმა ოჯახმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს თანხა გამოიყენოს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც იმ წუთს, იმ დღეს, იმ თვეს მას აწუხებს“.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, ამ პრობლემას მოაგვარებს“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.

„ჩვენი მუშაობა იქნება ძალიან დაძაბული, ჩვენ მოგვიწევს მუშაობა ძალიან ინტენსიურად. ჩემი მოთხოვნები იქნება ძალიან მკაცრი და ჩვენ ვიქნებით ყველანი ძალიან ბედნიერები, თუ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.