სამართალი
მომავლის ქალაქის სტატუსის კონსტიტუციური ცვლილებები

1-lazika-samarTali-2თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 108 ხმით მიიღო შავი ზღვრის სანაპიროზე დაგეგმილ ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, ამ ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.

ინიციატივის განხილვის დროს მთავრობამ არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის სტატუსი შეიძლება ამ ქალაქს მიენიჭოს და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს იქნება მაღალი უფლებამოსილების მქონე თვითმმართველი ქალაქი, რომელშიც განსხვავებული სამართლებრივი წესები იმოქმედებს.

ამასწინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც თბილისის შემდეგ მეორე დიდი ქალაქის აშენების ინიციატივით დეკემბერში გამოვიდა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ლაზიკაში კომერციული ტრანსაქციების განსახორციელებლად ანგლოსაქსონური სისტემის შემოღება განიხილება, კონტინენტური ევროპის სამართლის ნაცვლად, რომელზეც საქართველოს სამართლებრივი სისტემაა დაფუძნებული.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ანაკლიასა და ყულევს შორის ჭაობიან ტერიტორიაზე ლაზიკას მშენებლობის იდეას არ მიესალმება და მას პრეზიდენტის „ახირებას“ უწოდებს.

„მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმიტომ, რომ ეს ქალაქი აკვიატება არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც 45% ჩვენი მოსახლეობის ცხოვრობს სოფლად, ჩვენ გვჭირდება ახალი ურბანული ცენტრები ამ ხალხის დასასაქმებლად და ამ ხალხის გადმოსაყვანად“, – განაცხადა სააკაშვილმა დეკემბერში.

მისი თქმით, ლაზიკაში ათ წელიწადში იქნება, მინიმუმ, ნახევარი მილიონი მცხოვრები და მის აშენებას საწყის ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით 1-1,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია დასჭირდება.