საზოგადოება
ნიკა გილაური საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს

1-gilaur-sazogadoeba-3თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. სააკაშვილმა ნიკა გილაურს შესთავაზა, სათავეში ჩაუდგეს მთავრობის საპარტნიორო ფონდს. როგორც სააკაშვილმა ახალი პრემიერის –  ვანო მერაბიშვილის, წარდგენაზე განაცხადა, ეს არის ფონდი, რომელიც კონცენტრირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე ინფასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

„მე გილაურს იმის კეთება შევთავაზე, რაც ყველაზე კარგად ეხერხება. ესაა ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის ხელის შეწყობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური დარჩება გუნდის მნიშვნელოვან წევრად და იმედი გამოთქვა, რომ ახალ პოსტზეც ქმედითი ხელმძღვანელი იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ეფექტური პრემიერ-მინისტრი იყო.

„მან უიმედო სიტუაციაში მყოფი მთავრობა ჩაიბარა და თითქმის შეუძლებელი შეძლო. მან არა მხოლოდ გადალახა ფინანსური კრიზისი და ომის შედეგები, არამედ დღეს საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკად. მიუხედავად ყველა სირთულისა, უზრუნველყო ძალიან საპასუხისმგებლო და ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა“, – დასძინა სააკაშვილმა.

ერთი რამ გაუგებარია – რატომ ჩაიბარა გილაურმა 2008 წელს, სააკაშვილის სიტყვებით, „უიმედო სიტუაციაში მყოფი მთავრობა“, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაცმოძრაობის“ გუნდი ხელისუფლებაში 2004 წლიდანაა და ამ თანამდებობაზე მის დანიშვნამდე სამი პრემიერი შეიცვალა...