საზოგადოება
ჩრდილოეთ კავკასიის სტრატეგია – „ცეცხლთან თამაში“?

1-strat-sazogadoeba-2თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების შესახებ საქართველოს სტრატეგია მიიღო, რომელიც იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, რომელთა მეშვეობითაც თბილისი რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს, დაწყებული ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებით და დამთავრებული ხალხთა შორის კონტაქტებით, განათლებით, ჯანდაცვითა და ადამიანის უფლებებით.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სტრატეგიის მიზანია თბილისის მიერ „რბილი ძალის“ მიდგომისა და პოლიტიკის გამყარება. ამგვარი მიდგომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, როდესაც მან „გაერთიანებული კავკასიისკენ“ მოუწოდა.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზეა საუბარი დეკემბერში მიღებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის იმ მონაკვეთშიც, სადაც რუსეთთან ურთიერთობებია განხილული.

სტრატეგიაში ცალკე არის გამოყოფილი თავი სახელწოდებით „ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ ხდებოდნენ ეთნიკური წმენდების, დეპორტაციებისა და გენოციდის მსხვერპლი, რაც უნდა გახდეს ისტორიული და იურიდიული კვლევის საგანი და მიეცეს მკაფიო და მყარად დასაბუთებული ისტორიული შეფასება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო მხარს დაუჭერს ასეთი ფაქტების დეტალურ შესწავლას, მათ შორის, ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციისა და აღმოჩენილი ფაქტების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობის გზით.

დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ სტრატეგია, ძირითადად, გულისხმობს ჩრდილეოთ კავკასიელი ხალხებისთვის დახმარებას სამეცნიერო და კვლევით საკითხებში.

გასულ წელს საქართველო გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა. მაისში ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ანაკლიაში მემორიალი დაიდგა.

სტრატეგიაში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით.

წიკლაურის თქმით, სტრატეგიას საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს და თბილისის პოლიტიკას უფრო გამჭვირვალეს და პროგნოზირებადს ხდის.

კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგია არის ხორცშესხმა იმ იდეის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააჟღერა გაეროს გენერალურ ასამბლეაში, როდესაც ის გაერთიანებულ კავკასიაზე საუბრობდა.

„საქართველო ბუნებრივად ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონის ლიდერი და ის ლიდერია არა იმიტომ, რომ მას გააჩნია შეიარაღებული ძალები... არამედ იმიტომ, რომ მან გაატარა რეფორმები და მიდის ძალიან მტკიცედ განვითარების გზაზე; საქართველომ შეიძინა ე.წ. soft power, ანუ „რბილი ძალა“ და გახდა მიმზიდველი სხვებისთვის“, – განაცხადა მან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ეს სტრატეგია კარგი კონტრარგუმენტია იმ ოპონენტებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებდნენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას.

„ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ საქართველოს მიმზიდველობის წახალისება, როგორც განათლების მიღების ადგილი, არის ცეცხლთან თამაში, – განაცხადა კანდელაკმა. – ეს პოლიტიკა ძალიან დადებით გამოხმაურებას პოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომლებიც თავიდან ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ხოლმე ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ინიციატივებს ამ რეგიონთან მიმართებაში და ისინი, ასევე, მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო ცეცხლთან თამაში“.