თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი. როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მთავრობა საქართველოს პარლამენტს ახალ პროგრამას წარუდგენს და ვანო მერაბიშვილიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად გააცნობს.
მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატები, როგორც თავად პრეზიდენტმა განაცხადა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დღეს უნდა დაესახელებინათ, თუმცა ამ დილით ცნობილი გახდა, რომ ეს პროცედურა ხვალ, ა.წ. 3 ივლისს შედგება.კულუარული ინფორმაციით, კანდიდატებად განიხილებიან შემდეგი ფიგურები: საქართველოს შს მინისტრად – ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია (უცნობია, რას უპირებენ ამ შემთხვევაში მის ღვიძლ ძმას – დათა ახალაიას, რომელიც საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე მუშაობს, ერთი ოჯახის წევრების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას ხომ კანონი კრძალავს). ასეთ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრად შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დაინიშნოს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალ სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე დანიშნონ, ხოლო ახლანდელი სახელმწიფო მდივანი გია ბარამიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თბილისის ჩუღურეთის რაიონში მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
არ გამორიცხავენ, აგრეთვე, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადადგომას, რომლის მისამართით, განსაკუთრებით – ბოლო ხანებში, ძალიან ბევრი საყვედური დაგროვდა როგორც საზოგადოების მხრიდან – პენიტენციარულ სისტემაში არსებული ძალიან უხეში დარღვევების გამო, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. გოგა ხაჩიძის ნაცვლად შესაძლებელია დასახელდეს გარემოს დაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა. ამასთან, შემოღებულია ახალი – დასაქმების მინისტრის თანამდებობა.