აქტუალური
La-Croix: „აქამდე საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიცია დიდად არასდროს აღელვებდა“

1-la-crous-aqtualuri-3თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. ფრანგული გამოცემა „La-Croix“ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.

სტატიის ავტორი სებასტიან მაიარი წერს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს უპირისპირდება: „ივანიშვილის ქონება, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია ქვეყანაში, ჟურნალმა „ფორბსმა“ წელს 5 მილიარდ ევროზე მეტად შეაფასა. პრეზიდენტის გარემოცვა იმის წარმოჩინებას ცდილობს, თითქოს  ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ემსახურება.

„ეს 2011 წლის 7 ოქტომბერს თბილისში მოხდა. მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტ სარკოზისთვის ემასპინძლა და მადლიერება გამოეხატა მის მიმართ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს შუამავლობისთვის, ახალმა ამბავმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. ყველაზე მდიდარმა კაცმა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და მოახლოებულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება. ეს არჩევნები კი ოქტომბერში არის დაგეგმილი და მთავრობამ უკვე მოითხოვა რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის დასწრება, სავარაუდოდ, დემოკრატიისადმი თავისი ერთგულების დამტკიცების მიზნით, რადგან ეს სწორედ ის ველია, სადაც მას გამოწვევას უგზავნის ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა“, – წერს ავტორი და დასძენს, რომ აქამდე ოპოზიცია დიდად არასდროს აღელვებდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაშია. თავის მხრივ, 50 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცნობილია როგორც კოლექციონერი და ქველმოქმედი, დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

„ეს ქონება, რომელიც მან ელცინის პერიოდის რუსეთში დააგროვა და კომპანია „უნიკორის“ მიერ იმართება, დღეს ოლიგარქს ქართულ ლანდშაფტზე მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აპრილში დაფუძნდა და მას შემდეგ მთელ ქვეყანაში, დაახლოებით, ორმოცამდე ოფისი გახსნა“, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა მეთოდებსაც იყენებს იმისთვის, რომ მოიზიდოს „ვარდების რევოლუციით“ იმედგაცრუებულები. ფლობს რა ტელეკომპანიას, რომელსაც არ ავრცელებს ქვეყნის საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა, მან დაიწყო ათასობით თანამგზავრული თეფშის უფასოდ დარიგება. პასუხად, პოლიციამ გასულ კვირას თეფშები დააყადაღა, ბრალი დასდო რა მილიარდერს ამომრჩევლების „მოსყიდვაში“, რაც საარჩევნო პროცესს ეწინააღმდეგება.

„ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნიღაბს ჩამოხსნის ამ დემოკრატიული ფასადის მქონე ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაშიც ადანაშაულებს.

პრეზიდენტის გარემოცვა ცდილობს იმის წარმოჩინებას, თითქოს ადამიანი, რომელიც „გაზპრომის“ მეწილეა, კრემლის სამსახურშია და დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში გავლენის აღდგენას ცდილობს. ის, რომ კონსტიტუცია უკრძალავს სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრას პრეზიდენტად 2013 წელს, მის ახალ ოპონენტს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის“, – ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანსაც „foreignpress.ge“ აქვეყნებს.