პუბლიკაციები
პროფესორი ღლიღვაშვილი: „ივანიშვილის მაღალი რეიტინგის მიზეზების საქართველოს საზღვრებს გარეთ ძებნა – ინტელექტუალური სისუსტეა!“

1-analit-gelaსაქინფორმის სტუმარია საზოგადოებრივი მოძრაობა „მყარი დემოკრატიის“ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ღლიღვაშვილი.

– ბატონო გელა, თქვენმა მოძრაობამ ინტენსიურად მოჰკიდა ხელი საარჩევნო ბიულეტენში პუნქტის – „ყველას წინააღმდეგ“ – შეტანის საკითხს. რით აიხსნება ასეთი აუცილებლობა?

– საარჩევნო ბიულეტენში პუნქტის – „ყველას წინააღმდეგ“ – არსებობას რამდენიმე როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი საფუძველი აქვს.

პირველ რიგში, თვით ინდივიდუალური თავისუფლების ცნება სამოქალაქო საზოგადოების შიგნით ემყარება ნებისმიერი ამომრჩევლის უდავო უფლებას, არჩევანი ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვის გარეშე გააკეთოს. ეს დემოკრატიის არსებობის  ან არარსებობის არსებითი კრიტერიუმია, რომლის არსიც სწორედ რომ ამ უფლებით განისაზღვრება.

დემოკრატია სისტემას წარმოადგენს და მას არ შეუძლია იარსებოს აგრეგატულ მდგომარეობაში, ანუ იყოს ზოგიერთ მოცემულობათა უბრალო ჯამი მათი ორგანული ერთიანობის გარეშე. მაგალითად, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არსებობა მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის გარეშე უარყოფს დემოკრატიის არსებობის შესაძლებლობას მისი თანამედროვე გაგებით. მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატია უბიწოებას ჰგავს – ის ან არის, ან არა!

„ნათელი მომავლისაგან“ განსხვავებით,  არ შეიძლება დემოკრატიის მიწოდება ნაწილ-ნაწილ, როგორც ერთი დიდი პროცესის ეტაპებისა. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ კომუნისტური მშენებლობის მაგალითზე სამხედრო კომუნიზმიდან და „ნეპ“–იდან – განვითარებულ სოციალიზმამდე.

დემოკრატია, როგორც კონკრეტული სახელმწიფოს ფარგლებში სოლიდარული არსებობის საშუალება, გულისხმობს საკუთარ რეალიზაციას აქ და ახლა, ყოველი მოქალაქის ინდივიდუალური ყოფიერების შიგნით. შესაბამისად, ის, რაც ასეთი ცხოვრებისათვის არის აუცილებელი, ერთბაშად უნდა გაკეთდეს, რაიმე შუალედური ფიქციების გარეშე. მაგალითად, სრული სისულელეა დემოკრატიის დაკავშირება ეკონომიკური განვითარების დონესთან. ამ ფსევდოლიბერალიზმმა უკვე მიგვიყვანა მსოფლიო კრიზისებამდე…

უფლება, უარი ითქვას პოლიტიკურ სიმპათიაზე ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, რომლებიც დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ხელისუფლებისთვის იბრძვიან, დემოკრატიის თვალსაზრისით ფუნდამენტური უფლებაა.

გასაგებია, რომ ეს მებრძოლი სუბიექტები ამ უფლების ლეგალიზაციას ისე უნდა გაურბოდნენ, როგორც ეშმაკი საკმეველს. შედეგად, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იგნორირებას უკეთებს არჩევნებს, როგორც სოლიდარული თანაარსებობის არსებით ასპექტს და ამით ირიბად უარყოფს თავის მოქალაქეობას.

არა მგონია, საქართველოს უახლესი ისტორია არჩევნების თვალსაზრისით ჩვენი შთამომავლების სიამაყის საგანი გახდეს. პირდაპირი და მასობრივი ფალსიფიკაციების გარდა არსებობს სავარაუდო პოლიტიკური სუბიექტების ძალისმიერი მეთოდებით შეზღუდვის გზით არჩევნების პროცესისაგან ამომრჩეველთა დიდი სეგმენტის ხელოვნური იზოლაციის ამაზრზენი მაგალითები. დროა, თავი დავაღწიოთ ამ პოლიტიკურ წარსულს და თუ ვინმეს არ მოსწონს არავინ, ვინც ფიგურირებს, როგორც ასარჩევი სუბიექტი, ეს აქტიური და ეფექტიანი ხერხით გამოხატოს. ასეთ საშუალებას იძლევა პუნქტი „ყველას წინააღმდეგ“ და იგივე პუნქტი სტიმულს აძლევს ახალი პოლიტიკური სუბიექტების წარმოშობას, რომლებიც არც წარსულით და არც აწმყოთი არ არიან დაკავშირებული არსებულ სუბიექტებთან. ეს, უდავოდ, პოლიტიკური სისტემის რეალურ განვითარებას  განსაზღვრავს.

– რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ ამ ამოცანის განხორციელებისთვის?

– დღეს ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ პირველად აქვს შესაძლებლობა, არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთოს. ჩვენი მეგობრები მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ამ შესაძლებლობაზე მიგვითითებენ. მეტსაც გეტყვით, განსაზღვრავენ ამ შესაძლებლობას, როგორც აუცილებლობას. ამისათვის ტარდება დისკუსიები, შეიქმნა საპარლამენტო კომისია და ა.შ.

ამ საკითხზე ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ და შესაბამისი განმარტებები მივიღეთ. ცესკომ განგვიმარტა, რომ ახლანდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პუნქტს „ყველას წინააღმდეგ“, ხოლო ომბუდსმენის აპარატმა გვაცნობა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.

ამ წინადადებით საპარლამენტო კომისიას მივმართავთ და შევეცდებით, საქართველოს არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორების ინიცირებისთვის დეპუტატების მხარდაჭერა მოვიპოვოთ.

გარდა ამისა, ვეცდებით ამომრჩეველთა ინფორმირებას მათი უფლების შესახებ, ხმა „ყველას წინააღმდეგ“ მისცენ – ბუნებრივია, თუ მოქალაქეს ამგვარი სურვილი ექნება.

იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოტივირებული არიან სურვილით, საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ იხილონ, მხარს დაუჭერენ ჩვენს მისწრაფებას – ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას!

– რაში ხედავთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივას?

– ახლა ძალიან ძნელია მომავალი არჩევნების პოლიტიკური პერსპექტივის პროგნოზირება, იმ შედეგების გარდა, რომლებიც დღეს უკვე აშკარაა. კერძოდ, ცხადია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ ძალუძს იმ, პრაქტიკულად, აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება, რომლითაც მთელი ეს წლები სარგებლობდა. ცხადია, აგრეთვე, რომ თითეული ხმის მნიშვნელობა და რიგითი ამომრჩევლის მონაწილეობის ხარისხი სულ უფრო გაიზრდება.

თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მესახება ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის ერთი არსებითი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პერსპექტივას. მხედველობაში მაქვს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სტარტი. ცხადია, რომ ამ პოლიტიკური ლიდერის სერიოზული რეიტინგი შემთხვევითი სულაც არ არის. მეტიც, ამ რეიტინგის მიზეზების საქართველოს საზღვრებს გარეთ ძებნა, სულ ცოტა, ინტელექტუალური სისუსტეა!

ზემოთ უკვე ვილაპარაკე სოლიდარულ თანაარსებობაზე როგორც დემოკრატიის არსზე. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა ბევრი სოციალური ჯგუფი ცხოვრების ბორტს მიღმა დატოვა და ამით სოლიდარობის პრინციპი დაარღვია. ამ ფონზე იმ ადამიანის პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც უახლოესი საუკუნის განმავლობაში ყველაფრით უზრუნველყოფილია და პოლიტიკური ბრძოლისკენ სხვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ისწრაფვის, აღიქმება, როგორც სოლიდარული თანაარსებობის პრინციპის დეკლარირება. თუ გავამარტივებთ, შეიძლება ასეც ითქვას: მე კი ვარ მაძღარი, მაგრამ ბედნიერი ვერ ვიქნები, როდესაც გვერდით ამდენი მშიერია!

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც კერძო პირი, წლების განმავლობაში ეწეოდა ყველასთვის ცნობილ მასშტაბურ საქველმოქმედო მოღვაწეობას მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, მისი გულწრფელობა ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ივანიშვილის მაღალი რეიტინგი სურვილი და ავანსი უფროა, ვიდრე კარგად გააზრებული და დეტალურად დასაბუთებული არჩევანი...

სამწუხაროდ, მსოფლიო ჩვენ გარშემო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ ვასწრებთ ამ ცვლილებების მნიშვნელობის შეფასებას, და ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება ამ გამოწვევებს ხშირად რეფლექსურად პასუხობს. ამ რეფლექსიის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური პერსპექტივა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ხდება გარეშე ფაქტორებზე, რომლებიც მძიმე ყოველდღიურობის ფონზე მკვეთრად ძლიერდება. მეორე მხრივ, სოციალური ფონის გაუმჯობესება ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ერთგვარ სიმყარის მარაგს ქმნის ნებისმიერი გარეშე ფაქტორის ზემოქმედების თვალსაზრისით.

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ნებისმიერი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირება, პრაქტიკულად, არჩევნების ჩატარებისთანავე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს განადგურებს ვადამდელი არჩევნების რეჟიმში შემდგომი გადასვლით. ეს ტრაგედია არ არის, თუკი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება ჩვენი საზოგადოების რეალური ძალისხმევა იქნება, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ სისტემის შიგნით მოხდება და ქვეყანას ქაოსისა და არეულობის უფსკრულში არ გადაჩეხავს.

– ბატონო გელა, გმადლობთ ესოდენ ამომწურავი პასუხებისთვის.

 

ესაუბრა თეა ტაბატაძე

საქინფორმი