სამართალი
სახალხო დამცველი: „მერეთის ინციდენტში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ!“

1-ombudsm-samartali-2თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ დაიწყო სოფელ მერეთში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის შესწავლა, რომლის გამოც 26 ივნისს ჩაიშალა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

სახალხო დამცველმა გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ საქმის შესწავლის მიზეზი გახდა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები, რომელთა მიხედვითაც, ინციდენტში მონაწილე პირები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის, გორის თვითმმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული და დაადანაშაულა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მისი თქმით, მონაწილეობდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო მერეთის ინციდენტში მისი თანამშრომლების მონაწილეობა.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ოთხი მამაკაცი დააკავეს, აქედან – „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი, რომელთაც გორის სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს შორის ზემოხსენებული (საჯარო) მოხელეები არ არიან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წარმოადგენს, როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისათვის შეუფერებელ ქცევას. საქმის შესწავლისას ჩვენ მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას“, – აცხადებს ობუდსმენის ოფისი, რომელიც მასალებს  უახლოეს დღეებში გაუგზავნის შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების განხორციელების მოთხოვნით.

საქინფორმისგან: უცნობია, როგორ მოიქცევიან ამჯერად „შესაბამისი ორგანოები“, თუმცა აქამდე მოქმედი ხელისუფლების მიერ საქართველოს ომბუდსმენის არცერთი რეკომენდაცია არ ყოფილა გათვალისწინებული. ამას გარდა – საქართველოს მთავარი პროკურატურა ხშირად საერთოდ არ პასუხობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წერილების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.