სამართალი
ვანო ჩხარტიშვილი: „საქართველოში ბევრს ვეხმარები და კიდევაც დავეხმარები“

1-Cxart-samarTali-1თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას პასუხობს. მასში, კერძოდ, ნათქვამია:

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ფარულად ვურიცხავ თანხებს ადამიანებს, ვისაც ფონდი „ქომაგი“ ეხმარება. ამ ფონდის საქმიანობის შესახებ ბევრი კარგი მსმენია. „ქომაგი“ იმ ადამიანებს უდგას გვერდით, ვისაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებს, ვის უფლებებსაც ლახავს, ვისზეც ზეწოლას ახდენს, დევნის ან ფიზიკურად უსწორდება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების მხარდაჭერა კეთილშობილური საქმეა და ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა – ღიად და დაფარვის გარეშე. ნიშანდობლივია ამ ინფორმაციის გავრცელებაც. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ პროვოცირებული საერთაშორისო სასამართლო დავა წააგო. მოსამართლემ უსაფუძვლოდ ცნო სარჩელი ჩემ წინააღმდეგ და სოლიდური ხარჯების გადახდა მომჩივან მხარეს დააკისრა. ისინი ელოდნენ, რომ ამის შესახებ განცხადებას დღეს გავაკეთებდი და მათ მიერ აპრობირებული პრინციპით, სასწრაფოდ შეთითხნეს „კომპრომატი“.

„ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობას, არ მეთაკილება „ქართულ ოცნებასთან“ ჩემი სახელის დაკავშირება. მაგრამ მე ვარ პოლიტიკურად დევნილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოში. ვცხოვრობ და ვმუშაობ ინგლისში, სადაც დავაარსე წარმატებული მსხვილი ნავთობკომპანია. ამჟამად ვარ ბიზნესში და არ მაქვს შეხება პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. თუმცა პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართული არ ვარ – ამდენად, არც „ქართულ ოცნებასთან“ „დაკავშირებული პირი“ გახლავართ. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებით სახელმწიფო კარგავს ლეგიტიმურობას და ემსგავსება კლასიკურ მაფიოზურ კლანს“, – აცხადებს ჩხარტიშვილი და დასძენს:

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ღიად ვაცხადებ, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს ვეხმარები, ქველმოქმედებასაც ვეწევი და მზად ვარ, დავეხმარო პოლიტიკურად რეპრესირებულ და დაჩაგრულ ადამიანებსაც. მაგრამ ამას გავაკეთებ გამჭვირვალედ, ყოველგვარი დაფარული სქემებისა და გარიგებების გარეშე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, მათ ლეგალური გზით გავუმართოთ ხელი“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  ფონდ „ქომაგში“ დარეგისტრირებული მოქალაქეების ანგარიშებზე ამ ბოლო დღეებში გამოვლენილია საზღვარგარეთიდან საეჭვო გზავნილის არაერთი შემთხვევა, სახეზეა ამორჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომელშიც მონაწილეობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პიროვნება, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები. პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარებული იყვნენ პირები, რომელთა ანგარიშებზეც გადმოირიცხა აღნიშნული თანხები.