თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც ზუგდიდიდან იუწყებიან, დატბორილია სოფლები დიდინეძი და ჯიხაშკარი. ამასთან, ზუგდიდი-აბასთუმნის გზაზე ხიდი წყლით არის დაფარული.
სოფლებში – გრიგოლიშში, კორცხელსა და ოდიშში – მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად შიდა გზები ჩაკეტილია, მძიმე ვითარებაა სოფელ ყულიშკარშიც.ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. სამ თემში –ობუჯში, ნაკიფუსა და ფახულანში – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.
ობუჯის თემში შემავალი ორი სოფელი, სამესხიო და ჯაღირა, გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეულია ხიდები. ერთ-ერთი სახლი მეწყერმა ძლიერად დააზიანა, თუმცა მასში მყოფების, მათ შორის, ერთი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
მსხვერპლი არ არის, თუმცა როგორც წალენჯიხის გამგეობაში აცხადებენ, ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
ჩხროწყუ-ნაკიანი-გარახას გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია. დატბორილია ჩხოროწყუს ცენტრში საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სოფლები ლეწურწუმე და ახუთი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვედა ზონის სოფლებშია.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძველ ხიბულაში, ხეთასა და პირველ მაისში – სახნავ-სათესი მიწებია დატბორილი. შეფერხებულია მოძრაობა სოფელ პირველ მაისში.
სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და რეგიონი მოინახულა.