საზოგადოება
თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, მათ დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის.მისი თქმით, პოლიტიკურად ყველაფერი ნათელია, რადგან არსებობს ბუქარესტის ვალდებულება, რომელიც ჩიკაგოში კიდევ ერთხელ დადასტურდა. მის თანახმად, საქართველო ნატოს წევრი გახდება.
„ჩვენი ამოცანა იმ პრაქტიკული მექანიზმების განხილვაა, თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის შესრულება. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებსა და მექანიზმებზე. ეს არის ის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებებიდან საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზეც, რომლებიც ნატო-საქართველოს დღის წესრიგში დგას.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დღის წესრიგზე. ვფიქრობ, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.