საზოგადოება
აშშ-ის ელჩი საქართველოში არჩევნების ძალადობის გარეშე ჩატარებას იმედოვნებს

1-jon-bass-sazogado-1თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ღირს განმეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დახმარების პროგრამები, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი“, – განაცხადა ჯონ ბასმა და აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანაა, ხალხს ჰქონდეს გაზრდილი ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი.

ჯონ ბასმა ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

პრესკონფერენციაზე ბასს მერეთის ინციდენტის სასამართლოს მიერ ივანიშვილისა და კოალიციის პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების, ასევე, „გლობალ TV“-ის  სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ კითხვა შალვა რამიშვილმა დაუსვა. ჟურნალისტს აინტერესებდა, როგორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ზემოხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„საქართველოში უკვე დიდი ხანია, ვიმყოფები იმისათვის, რომ შევძლო იმის დანახვა, თუ რამდენად რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავებების პოვნა. ზოგიერთ თქვენ მიერ ჩამოთვლილ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე საუბრები საქართველოს მთავრობასა და სხვებთანაც. ასევე, გვაქვს საუბარი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი იყოს მაღალი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროცესები წარიმართოს მაქსიმალურად დემოკრატიულად, უზრუნველყოფილი იყოს ის მოლოდინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არსებობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თავიანთი კამპანია კონკურენტულ გარემოში და ისეთ პირობებში წარმართონ, სადაც მოქალაქეებამდე საკუთარი შეხედულებების მიტანას შეძლებენ. მიუხედავად ხედვებში არსებული იმ განსხვავებისა, რომელიც საქართველოში მტკიცედ პოლარიზებულ გარემოში ვითარდება, ჩვენ ველით, რომ პოლიტიკური პროცესები ძალადობისა და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მიიღონ ქვეყანაში არსებული შეხედულებებისა და მოსაზრებების ფართო სპექტრი, ასევე, ჰქონდეთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.