პოლიტიკა
ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში წინასაარჩევნო დაძაბულობით

1-mish-politika-2თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ზრდით“, – განაცხადა შტეფან ფულემ – ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს მნიშვნელოვანი გამოცდები იქნება ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ საარჩევნო პროცესს და უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემა“, – განაცხადა ფულემ,  გამოთქვა რა რწმენა, რომ არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, იქნება პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს შორის ჭიდილი.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაგარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ფულე, ასევე, აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მოდერნიზაციისა და რეფორმების გატარების კუთხით მიაღწია, რის მხარდაჭერასაც ევროკავშირი აღმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს.

„ნათელია, რომ საქართველოს სჭირდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და მოდერნიზაციის ამ გზის გაგრძელება და დემოკრატიის განმტკიცება“, – განაცხადა ფულემ.

მან, ასევე, აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მცდელობისადმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთათვის განკუთვნილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მიმართ.

ბრიუსელში პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს; ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს; ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს და ევროკომისარს განვითარების საკითხებში ანდრის პიბალგს.

პრეზიდენტი ბრიუსელში მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში.

სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება ევროკავშირთან ურთიერთობებში.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, 16-18 თვის განმავლობაში, მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან, – განაცხადა მან, - და, ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში... საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს  უვიზო გადაადგილება ევროკავშირის მასშტაბით“.

ორივე ამ მიმართულებით, მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს.

სააკაშვილი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკასაც და განაცხადა, რომ არის „იაფფასიანი მცდელობები, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმა, რაც სრული უპატივცემულობაა ჩვენი ხალხის არჩევანის მიმართ...“.

„ეს, რა თქმა უნდა, არა თუ მიუღებელია, არამედ, საერთოდ არაცივილიზებულია“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო პროგრამის ახალი ეტაპი გამოცხადდება, რომელიც უახლოეს თვეებსა და წლებს მოიცავს.

„პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების გარდა, პროგრამის მნიშვნელოვანი  ნაწილი ევროპასთან ურთიერთობების  მიმართულებასაც მოიცავს... ამიტომ ამ პროგრამის გამოცხადების წინაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩამოსვლა და ამ შეხვედრების გამართვა“, – განაცხადა მან.