პოლიტიკა
ვერშბოუ: „საქართველოს ნატოში გასაწევრებლად ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“

1-verSb-politika-1თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის  მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა საქართველომ ნატოში გაწევრების უფლება მოიპოვოს.

ამის შესახებ ვერშბოუმ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის, როგორც გენერალური მდივნის ახალი მოადგილისთვის, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი პირადად ვნახო, კერძოდ, პროგრესი ალიანსთან პარტნიორობის გზაზე, პროგრესი, როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის, ნატოს ოპერაციებში და საქართველოს პროგრესი უშუალოდ ნატოში გაწევრების გზაზე. ვიცე-პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო დისკუსია მქონდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა საქართველომ ნატოში გაწევრიანების უფლება მოიპოვოს. გასაგრძელებელია რეფორმები თავდაცვის მიმართულებით“, – განაცხადა ვერშბოუმ და დასძინა, რომ ნატო ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

„საქართველომ ნატოში ინტეგრაციისკენ თავისი გზა უნდა გააგრძელოს. ჯერ არ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შემდეგი სამიტი აუცილებლად გაფართოების სამიტი იქნება, თუმცა საქართველოს შესაძლებლობებს მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა ვერშბოუმ.