სამართალი
„ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დაკავებულია კონტრდაზვერვის თანამშრომლის გადმობირებისთვის

1-aqtivis-samarTali-2თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის გადმობირების მცდელობისთვის დააკავა.

შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი მამაკაცი, რომელთაგანაც ერთი სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ თანამშრომელს ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში. ამის შესახებ შსს-მ განაცხადა, რომელმაც თავის ვებგვერდზე საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა ორ დაკავებულსა და სამინისტროს თანამშრომელს შორის.

ამ განცხადებამდე ორიოდე კვირით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდნენ, რათა მას მოეძიებინა და მიეწოდებინა ინფორმაცია სტრუქტურაში მიმდინარე ვითარების შესახებ. ამ საქმესთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეს ისტორია შეთხზული იყო და იმ კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც ხელისუფლება მათ წინააღმდეგ აწარმოებს.