აქტუალური
ივანიშვილის ადვოკატი: „ეროვნულმა ბანკმა აღსრულების ბიურო შეცდომაში შეიყვანა!“
1-jarima-aqtualuir-2თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ივანიშვილთან დაკავშირებით აღსრულების ბიურო შეცდომაში შეიყვანა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, „კომერციული ბანკების შესახებ კანონი“ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან ის „ქართუ“ ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო და არა წილის მყიდველი. „კომერციული ბანკების შესახებ კანონის“ რეგულაცია კი წილის შემძენ პირზე ვრცელდება. „კარგი იქნება, თუ ეროვნულ ბანკში გაერკვევიან, რა არის ბანკის წილი და ბენეფიციარი მესაკუთრე. რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, არის სისულელე და პირდაპირ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან შეცდომაში შეიყვანა სააღსრულებო ბიურო და მესამე პირის ქონებაზე მოახდინა აღსრულება. წილის მყიდველსა და ბენეფიციარ მესაკუთრეს შორის არსებითი სხვაობაა. ეროვნულ ბანკში მინიმუმ ეს უნდა იცოდნენ. წილის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა, რაც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს, ის იყო 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით“, – აღნიშნა თადუმაძემ.
ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკაში აქტიურად ჩართულიყო, აღნიშნული მესაკუთრეობის უფლება მის შვილს გადააბარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თადუმაძის თქმით, 2012 წლის ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილია და ამის შესახებ კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად ანგარიშს წარადგენს. აქედან გამომდინარე, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ეროვნული ბანკი, სასურველია, კომპეტენტური იყოს. ეს შეცდომა არ არის, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. იგი შეგნებულად მიიღეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს შესაბამისი ქონება, რომელიც 75 მილიონიანი სახდელის გადახდას უზრუნველყოფს; გადაწყვიტეს, შური იძიონ იმ წესებით, რომელიც კანონით არ არის დადგენილი“, – დასძინა თადუმაძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. აღმასრულებლების განმარტებით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ბანკი ქართუსა“ და სს „პროგრეს ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი“, რომლის აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
აღსრულების ბიუროს განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.