საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

1-gamocdebi-sazogadoeba-1თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს მასშტაბით  აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დღეს, 28 ივნისს, 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი „8+1“ ამოქმედდება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.

„2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge გაიარეს; მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში – 35 %, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ; დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი“, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.