პოლიტიკა
ივანიშვილის წილებს ბანკებში აუქციონზე გაყიდიან

1-kbila-politika-3თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“, „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს  ბანკის“ აქციების დაყადაღებული წილების საექსპერტო შეფასება და აუქციონზე გატანა ერთი თვის ვადაში მოხდება. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, კოალიციის წევრმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

„არსებობს კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც დაყადაღებული ქონების საექსპერტო შეფასება და აუქციონზე გატანა უნდა მოხდეს, თუმცა შესაძლოა, ამ პროცედურას 25 დღე დასჭირდეს ან ორ კვირაშიც დასრულდეს“, – აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი „ქართუ ჯგუფის“ სარჩელის საფუძველზე სასამართლო აღსრულების პროცესს შეაჩერებს.

„თუმცა სასამართლოს ამის უფლება აქვს, მაგრამ არა – ვალდებულება. ასე რომ, მოხდება თუ არა ერთი თვის ვადაში დაყადაღებული ქონების აუქციონზე გადატა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო აღსრულების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, იქამდე სასამართლოს „ქართუ ჯგუფმა“ უნდა მიმართოს სარჩელით და მოითხოვოს ამ ქონების ყადაღისგან ამორიცხვა“, – განმარტა კბილაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დაყადაღებული წილების მოცულობა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობას აღემატება, კბილაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში აუქციონზე არა დაყადაღებული წილების 100-ვე პროცენტი უნდა გავიდეს, არამედ მოხდეს ყადაღის კორექტირება.

„ბუნებრივია, აუქციონზე უნდა გავიდეს წილების ის რაოდენობა, რაც ჯარიმას შეესაბამება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.