თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის „Must carry“-ს წესის შემოღებას ითვალისწინებს, ოფიციალურად იქნა ინიცირებული პარლამენტში და მიღების შემდეგ დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორ კომპანიებს, გაუშვან საინფორმაციო არხები არჩევნებამდე, სულ ცოტა, 60-დღიან პერიოდში.
საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში საკაბელო ოპერატორებმა მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში უნდა განათავსონ მათი მომსახურების მიწოდების ზონაში ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.ამასთან, სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიებისთვის მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მე-9 არხი“, ასევე, ტელეკომპანია „მაესტრო“, ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა საკაბელო ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით, თბილისს გარეთ მოქმედი საკაბელო ოპერატორები არ იქნებიან ვალდებულნი, განახორციელონ ტელეკომპანია „კავკასიის“ ტრანზიტი, რომლის ლიცენზიაც დედაქალაქში მაუწყებლობას ითვალისწინებს, ასევე, ის საკაბელო კომპანიები, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ, არ იქნებიან ვალდებულნი, რეგიონული ტელეკომპანიები ჩართონ.
ეს წესი იმოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღემდე, რის შემდეგაც საკაბელო ოპერატორები უკვე აღარ იქნებიან კანონით დავალდებულებულნი, განახორციელონ ყველა შესაბამისი არხის ტრანზიტი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, რომლის ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – „Must carry“-ს პრინციპის დანერგვის მიზნით, განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციაა, ამ წესებმა იმოქმედოს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების დღეს და მისი შედეგების გამოცხადებამდე პერიოდშიც. საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება, მაქსიმუმ, მე-19 დღეს ხდება. ვადის გაგრძელების თაობაზე შეთავაზებით „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს პარლამენტს.
ინიციატივის მიღებას პარლამენტი დაჩქარებული წესით ამ კვირაში გეგმავს.
საქართველოში მოქმედ საკაბელო ოპერატორებს, დაახლოებით, 171 000 აბონენტი ჰყავდათ 2011 წლის მიწურულს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით.
კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუმცა ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს.
პრეზიდენტი, კანონის თანახმად, არჩევნების თარიღს არაუგვიანეს 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს.
ამჟამად, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ არის ხელმისაწვდომი „სილქ TV“-ისა და „კავკასუს TV“-ის პაკეტებში, რაც, ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მე-9 არხს“ ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე, გარდა ერთი – „გლობალ TV“-ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.
თავად „გლობალ TV“-ის არ აქვს უფლება, გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“ მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV“-ის კომერციული მოტივებით მოსთხოვეს მათი სიგნალის გათიშვა. „გლობალ TV“-ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მე-9 არხის“ ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია სატელიტითა და ინტერნეტით.
ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლებმა 21.8 მილიონ ლარამდე იმატა.
ქვეყნის მასშტაბით ბევრი მცირე საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია: „სილქნეტ“ 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, „სუპერ TV“ -ს და „GNN“ -ს (რომელიც, ძირითადად, საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.