სამართალი
თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ არის და ეს ინფორმაცია აღსრულების ბიუროს უკვე გადაეგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, აღსრულების ბიუროს არანაირი საფუძველი არ აქვს, „ქართუ ჯგუფი“ დააყადაღოს. როგორც კახნიაურმა აღნიშნა, „ქართუ ჯგუფს“ 6 დამფუძნებელი ჰყავს. „აღსრულების ბიუროს მივაწოდეთ ინფორმაცია „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებლების შესახებ. დამფუძნებელია ორი ქართული კომპანია: სააქციო საზოგადოება „აგრო სერვისი“ და სააქციო საზოგადოება „ინტერ ინვესტი“; ასევე, ოთხი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია“, – აღნიშნა კახნიაურმა და განაცხადა, რომ „ქართუ ჯგუფს“ დაყადაღების საფრთხე, წესით, არ ემუქრება. „თუმცა, რას მოიფიქრებენ, ჩემთვის უცნობია. ჩვენ ხომ უწესო ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – დასძინა მან.