სამართალი
„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონის ხელმძღვანელს დაკავებით ემუქრებიან!

1-mosiaSv-samarTali-1თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. როგორც  „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, მის მიერ მოპოვებული უტყუარი ოპერატიული ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – გოგიტა მოსიაშვილის, დაკავებას, რის თაობაზეც განცხადებას ავრცელებს. პარტიის ვარაუდით, მას ბრალს იარაღის უკანონო ტარების ან ნარკოტიკული დანაშაულისთვის წაუყენებენ.

„გოგიტა მოსიაშვილი რამდენიმე წელია, აქტიურად აფიქსირებს ოპოზიციურ შეხედულებებს. მისი რეგიონული ორგანიზაცია ერთ-ერთი სანიმუშოა პარტიის სტრუქტურებს შორის. მოსიაშვილი კახეთის მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ აფრთხილებს ხელისუფლებას, თუ პარტიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდება და მოხდება მოსიაშვილის დაკავება, ეს ფაქტი როგორც პარტიის, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან განიხილება როგორც პოლიტიკური რეპრესია.

ამასთან, გოგიტა მოსიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რათა მოხდეს ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვა ნარკოტიკულ დანაშაულთან მის შესაძლო კავშირთან.