პოლიტიკა
ივანიშვილის შეხვედრას მერეთის მოსახლეობასთან პროვოკატორებმა ხელი შეუშალეს

1-mereTi-politika-2თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. 26 ივნისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისას შიდა ქართლის რეგიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

ორი ადამიანი, ორივე ივანიშვილის მხარდამჭერი,მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ქალი, საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ივანიშვილი „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად სოფელ მერეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. როდესაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი ივანიშვილს ესაუბრებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საჭიროების თაობაზე, შუახნის მამაკაცი მიუახლოვდა კითხვი – ომის პერიოდში სად ბრძანდებოდნენ? შემდეგ ივანიშვილი თავად მიუახლოვდა შორიახლო მდგომი ქალების ჯგუფს და ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა მას: მე თქვენ და თქვენისთანა ადამიანები მიმაჩნია საქართველოს მოღალატეებადპუტინმა დაგავალათ, საქართველოში არეულობა შეგეტანათ...“ მეორემ კი უთხრა: სააკაშვილი მარტო პრეზიდენტი კი არა, ჩვენი ღმერთია“.

ამ ქალბატონებთან ივანიშვილის საუბრის დროს რამდენიმე მეტრის მოშორებით შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ადგილობრივებმა, რომლებიც ივანიშვილს უჭერდნენ მხარს, განაცხადეს, რომ ჩხუბი მმართველი პარტიის, მათ შორის, ადგილობრივი სახელისუფლებო და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების, ერთი ყოფილი დეპუტატისა და ორი ავტობუსით სპეციალურად ჩამოყვანილი ჯგუფების (ე.ი ზონდერ ბრიგადის) პროვოცირებული იყო.

მსგავსი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც „მიშა, მიშას!“ სკანდირებდნენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ივანიშვილი ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა, გასულ კვირებში რამდენიმე სხვა სოფელშიც მოხდა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში. თუმცა მერეთის ინციდენტი პირველი იყო, სადაც დაპირისპირება მუშტიკრივში გადაიზარდა.

(ცნობისათვის: შსს- წარმომადგენელმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ მერეთის ინციდენტის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე ადამიანი გამოვლენილია, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება).

ეს არის ტიპური იდეოლოგია სააკაშვილის, რომ როგორმე დააპირისპიროს საქართველოს მოსახლეობა... ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან. გასაგებია, რომ ყველას შეიძლება ჩვენი პოლიტიკა არ მოსწონდეს, ჩვენი მხარდამჭერები არ იყვნენ, მაგრამ მათ არ უნდა ჩაშალონ ეს პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა სოფელ მერეთის დატოვებამდე.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ, მართალია, პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს, მაგრამ გამოსაძიებელი არაფერია, ვინაიდან ეს ინციდენტი თავად პოლიციის ორგანიზებული იყო.

მერეთის ინციდენტის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თავშეკავებისკენ მოუწოდა. მან მიანიშნა, რომ მუშტიკრივი შესაძლოა, იმ ადამიანების რეაქცია იყო, რომლებიც ივანიშვილის განცხადებებმა გააღიზიანა, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შესახებ.

ძალიან კარგად მესმის, რამდენად მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ისეთი სიტყვების მოსმენა, როგორიცაა ომი დაიწყო საქართველომ“, – განაცხადა ბაქრაძემ. (მას, სავარაუდოდ, ივანიშვილის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადება ჰქონდა მხედველობაში, – საქინფორმი).

მე მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის ასეთი სიტყვები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან... მინდა, მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს, თავი ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს წინასაარჩევნო პროცესში, ვიყოთ თავშეკავებული, რაც უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამონათქვამი ან პოზიცია, – დასძინა პარლამენტის სპიკერმა.

P.S. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მერეთის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტი სააკაშვილი გამგებლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მოუწოდა მათ, რომ „უპირობოდ დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპით უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მართლაც სამაგალითო“...