აქტუალური
აშშ-ის სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა სამთო მომზადების კურსი საქართველოში გაიარეს

1-kadetebi-aqtualuri-2თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს.

წვრთნების დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე გაიმართა. ამერიკელ კადეტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სკოლის ინსტრუქტორებმა მომავალ სამხედროებს მთასა და მაღალ მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა შეასწავლეს. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.

კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისათვის: სამხედრო უნივერსიტეტის 28 კადეტი სამთო მომზადების სკოლაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 4 ივნისს დაიწყო.