თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე, აქციების 21,7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
აღნიშნულ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით. სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს, სს „ბანკი ქართუსა“ და სს „პროგრეს ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი“, რომლის აქციების 100%-ისა და, აგრეთვე, სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს. ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ასევე, გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება. აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო სამსახური შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“.
კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განსაზღვრა.