თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს, 24:00 საათზე, ეწურება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და მისი ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა. ვადა დღეს იწურება და სააღსრულებო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხი ამ ვადაში იქნება გაცემული“, – აღნიშნა კბილაშვილმა.აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
„საქმესთან დაკავშირებით დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას, 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები“, – ნათქვმია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განსაზღვრა. ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
გარდა ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე მოითხოვა დოკუმენტები „ქართუ ჯგუფისა“ და ბანკი „ქართუს“ მეწილეების შესახებ.