გიორგი ჟვანიას ინფორმაციით, როგორც კი მხჩიანმა კოალიციისთვის ოფისის მიქირავება და „ქართულ ოცნებაში“ შესვლა გადაწყვიტა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მუქარა დაუწყეს, მათ შორის იყო ახალქალაქის პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი, რომელმაც პირდაპირ განუცხადა მხჩიანის ნათესავებს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისთანავე მას დააპატიმრებდნენ.
მხჩიანს ბრალი ედება იმაში, რომ ოფისი, რომელიც მან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიაქირავა, სინამდვილეში მას კი არა, კოალიციის კიდევ ერთ მომხრეს – „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილ წევრს და ამ პარტიიდან საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატ მელიქ რაისიანს ეკუთვნის. გამოძიება ამტკიცებს, რომ ოფისი, რომელიც მხჩიანმა იჯარით მისცა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 18 წლის წინ მელიქ რაისიანის მამამ შეიძინა, ხოლო 2005 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მელიქ რაისიანმა ის თავის ახლობელზე – მხჩიანზე გადააფორმა. გიორგი ჟვანიას შეფასებით, ყველა ეს ბრალდება მას შემდეგ იქნა წამოყენებული, რაც ეს მოქალაქეები კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეები გახდნენ, და ეს ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობის მორიგი ფაქტებია. ჟვანიამ მოუწოდა პროკურატურას, მისი საქმითაც დაინტერესდეს, რადგან მანაც აიღო მეგობრებისგან იჯარით ვენახები, ხოლო თუ იჯარა ჯგუფური დანაშაულია, მაშასადამე, ისიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც მხჩიანი და რაისიანი.
მელიქ რაისიანს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შესვლა გადაწყვიტა. გიორგი ჟვანიას ინფორმაციით, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა სასწრაფოდ გამოიძახა მელიქ რაისიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და გააფრთხილა, რომ თუ ამ განზრახვაზე უარს არ იტყოდა, პრობლემები შეექმნებოდა. მაჭავარიანმა უარი მიიღო. ამ საუბრიდან მალევე მელიქ რაისიანი იძულებული გახდა, საქართველოდან გამგზავრებულიყო, ჟვანიას განმარტებით – ოჯახურ საქმეებზე. მასზე მყისვე ძებნა გამოაცხადეს და ახლა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება.
მელიქ რაისიანს კიდევ ერთ საქმეში ედება ბრალი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია ჯერ კიდევ 2008 წელს იძიებდა სომხეთის მოქალაქე არმენ ბაგდასარიანის საქართველოში არსებულ ბიზნესთან დაკავშირებით. ბრალდება ბაგდასარიანის სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში მის ბიზნესს მელიქ რაისიანი მფარველობდა.
ამ ფაქტების იურიდიული კომენტარი კოალიციის იურისტმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ორივე საქმე წლების შემდეგ აღიძრა. სამართალდამცავი ორგანოები არც ოფისის კუთვნილებით, არც პარლამენტის ყოფილი დეპუტატის მიერ სომეხი ბიზნესმენისთვის აღმოჩენილი ვითომდა „მფარველობით“ არ დაინტერესებულან მანამდე, სანამ რაისიანი და მხჩიანი ოპოზიციური კოალიციის რიგებში არ გადავიდნენ. „თუკი ამ მოქალაქეებმა დანაშაული 1996, 2005 ან 2008 წელს ჩაიდინეს, რატომ არ იქნა ეს საქმეები გამოძიებული ჯერ კიდევ მაშინ, და სად იყვნენ მთელი ეს წლები სამართალდამცავი ორგანოები? ეს ყველაფერი მკაფიო მაგალითია იმისა, როგორ აწყობს მთავრობა რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლოს, კანონისა და მართლმსაჯულების იარაღად გამოყენებით“, – განაცხადა კბილაშვილმა.