თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ პარტიების შესახებ კანონის დამრღვევად ცნო, რის გამოც მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 859 684 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ სასამართლო კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 25 ივნისს განაცხადა, რომ საქმე ეხება კოალიციის ოფისების დაქირავებას და 476 614 ლარის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება.ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაჯარიმდა „მენეჯმენტ სერვისი“, რომელსაც თავდაპირველად 4.76 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ოდენობა 2.38 მლნ ლარამდე გაუნახევრდა. კომპანია რაიმე კანონდარღვევას უარყოფს.
კონტროლის პალატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება, პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაებრუნებინათ „უკანონო“ შემოწირულობა „მენეჯმენტ სერვისისთვის“, მათ ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
კონტროლის პალატა სამართალდამრღვევებს შორის ასახელებს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს: „რესპუბლიკურ პარტიას“, „ეროვნულ ფორუმს“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, „კონსერვატორულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“.
კონტროლის პალატის თქმით, მათ მიერ „სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა“.
ამ მუხლის თანახმად, უკანონო შემოწირულობის მიღება იწვევს ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული შემოწირულების ხუთმაგი ოდენობით.
ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიებს, რომლებსაც კონტროლის პალატა კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, ბიუჯეტში 476 614 ლარის გადარიცხვა დაეკისრებათ, ხოლო ჯარიმის სახით დამატებით ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის – 2 383 070 ლარის გადახდა სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების დადასტურების შემთხვევაში.
მთლიანი თანხა – 2 859 684 ლარი, რომლითაც პარტიები შეიძლება დაჯარიმდნენ, მნიშვნელოვნად აღემატება იმ შემოსავალს, რომელიც 2012 წლის პირველ ექვს თვეში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა („მრეწველების“ გამოკლებით) შემოწირულობის სახით ჯამურად მიიღეს 1.17 მილიონი ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში საზოგადოებრივმა მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ 492 917 ლარი მიიღო.
აღნიშნული ფინანსური ანგარიშები კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა, რომელმაც 23 ივნისს განაცხადა, რომ დამატებით ამოწმებს პარტიების დეკლარაციებში ასახული თანხების კანონიერებას, მათ შორის, შემომწირველების გამოკითხვის გზით.
გასულ კვირას კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა მხარდამჭერებს მისი ფინანსური დახმარებისკენ, რადგან ხელისუფლება ცდილობს ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა.