საზოგადოება
„ქართული ოცნება“ თავის „კარდაკარს“ იწყებს

1-kardakar-sazogadoeba-2თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ „კარდაკარს“ იწყებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და „კარდაკარის“ ხელმძღვანელმა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, „კარდაკარი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 63 ოლქში ერთდროულად დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მასში კოალიციის ათი ათასამდე აქტივისტი იქნება ჩართული, რომელთაც „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურები და მაიდენტიფიცირებელი სამკერდე ლოგოები ექნებათ, რაზეც სახელი, გვარი და პირადი ინფორმაცია ეწერება.

„კარდაკარის“ მიზანია, პირველი – ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; მეორე – საზღვარგარეთ მყოფი პირების აღწერა; მესამე – მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, რომლებშიც ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც თანამდებობრივად თუ პროფესიულად ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ხელისუფლება საარჩევნოდ მათ გამოყენებას ცდილობს, ანუ საუბარია ადმინისტრაციულ რესურსზე; მეოთხე – „კარდაკარის“ მიზანია მოსალოდნელი აქტივობის დადგენა, ანუ, სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას; მეხუთე – განწყობის გაზომვა; მეექვსე – უმისამართო პირადობის მოწმობების აღწერა და მეშვიდე – დუბლირებული მისამართები, რადგან საქართველოში ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა საარჩევნო ოლქში კოალიციას უბნის პასპორტი აქვს, რომელშიც შეტანილია მონაცემები იმის მიხედვით, თუ სად არის რეგისტრირებული ესა თუ ის ადამიანი.

„კარდაკარის“ მიზანია, ფარული გაყალბების მეთოდების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ჩვენი აქტივისტები 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე ივლიან კარდაკარ. ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ჩვენი ამომრჩეველი აქტიურად ჩაებმება“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება თანამშრომლობას ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიასთან, ქუცნაშვილის განმარტებით, „ორგანული კანონით მათ მინიჭებული აქვთ უფლებები, კოალიცია ამ უფლებებს გამოიყენებს და სახელმწიფო კომისიას 1 აგვისტოს ჩათვლით სიაში არსებული უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით მიმართავს“.

„ჩვენ ვიცავთ კანონის მუხლებს, თუნდაც ეს უსამართლო იყოს“, – დასძინა ქუცნაშვილმა.