აქტუალური
ბაგრატის ტაძრის შიდა სივრცე დაუმახინჯებლად აღდგება

1-bagrati-aqtualuri-2-religთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი ნიკოლოზ რურუა მიიღო. შეხვედრას დაესწრო ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

მისმა უწმიდესობამ და უნეტარესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს.

აღნიშნული პოზიცია იქნა დაფიქსირებული საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდანაც კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო.

უნდა ითქვას, რომ ბატონი ბრუნო გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს.

ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე. ბატონმა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით“.