პოლიტიკა
„ეს შენ გეხება“ ბაქრაძის განცხადებას მიესალმება

1-miesalmeba-politika-3თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები მიესალმებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც ეხმიანება კამპანიის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების გატარებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა „საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით“.

„ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში, – ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში. – მივესალმებით ხელისუფლების მზადყოფნას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მედიაგარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით“.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ გაჟღერებული ინიციატივა ადეკვატურად იქნება ასახული პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში“, – აცხადებენ კამპანიის წარმომადგენლები.

თავდაპირველად „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპს, რომელიც კამპანიის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში წარედგინა პარლამენტს, მმართველი პარტია არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა, რის შემდეგაც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა  ხელმოწერების შეგროვების გზას მიმართეს წინადადებების პარლამენტში გასატანად.

თუმცა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა. „საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები, მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.