აქტუალური
მშპ-ის ზრდა პირველ კვარტალში – 6.8%

1-mSp-aqtual-3თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ 6.8% შეადგინა, ხოლო მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში – 5.66 მილიარდი ლარი.

2011 წლის ბოლო სამ თვეში მშპ 8.8%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

პირველი კვარტლის მშპ-ში სამრეწველო სექტორის წილმა 18.2% შეადგინა; შემდეგ მოდის ვაჭრობა – 15.6% და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 11.2%. სოფლის მეურნეობის წილმა 2012 წლის პირველი კვარტლის მშპ-ში 9.6% შეადგინა.

2012 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სამშენებლო სექტორში – 26.3% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 20.4%; საფინანსო სექტორი – 16.7%; სასტუმროები და რესტორნები – 9.4%; ტრანსპორტი – 8.6%. 2012 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორი 3.1%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელმა მრეწველობამ პირველ კვარტალში 4.1%-იანი კლება განიცადა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს 6.5 %-იანი კლება დაფიქსირდა.