თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. სააგენტო „Reuter“ კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის სახელწოდებაა „პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა“. საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ „კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისთვის არიგებს. ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა. პოლიციამ დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით. ამომრჩევლებისთვის საჩუქრის გაკეთება შეიძლება ისე იყოს აღქმული როგორც კანონის დარღვევა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის კონკურენტია“, – წერს „როიტერი“.აქვე მოყვანილია პროკურატურის განცხადებები. „გრძელდება თანამგზავრული თეფშების გადაცემა ამომრჩევლებისათვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით; ქმედება შეიძლება შეიცავდეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, რაც შეიძლება დაისაჯოს როგორც ჯარიმით, ისე სამი წლით თავისუფლების აღკვეთით“, – ამ განცხადების შემდეგ პოლიცია მივიდა იმ საწყობში, სადაც კომპანია მიმღებებს ინახავდა.
„56 წლის ბიზნესმენმა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბსმა“6.4 მილიარდად შეაფასა, შეცვალა კავკასიის ამ ქვეყნის (რომლის მოსახლეობა 4.5 მილიონია) პოლიტიკური ლანდშაფტი და ჩვეულებრივ დანაწევრებული ოპოზიცია თავის კოალიციაში გააერთიანა. ივანიშვილმა კონკურენცია გადაწყვიტა ლიდერთან, რომელიც თანამდებობაზე 2003 წელს ვარდების უსისხლო რევოლუციითა და ედუარდ შევარდნაძის დამხობით მოვიდა და რომელიც დასავლეთის რჩეული გახდა. თუმცა ზოგიერთი ამომრჩეველი მას იმაში სდებს ბრალს, რომ არ გააკეთა საკმარისი ეკონომიკის რეფორმირებისათვის“, – წერს „როიტერი“.
როგორც ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე წერს, ოპონენტები სააკაშვილს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ალაგმა თავისუფლებები და 2008 წლის აგვისტოში საქართველო შეიყვანა რუსეთთან დამანგრეველ ომში, რომელშიც დამარცხდა. მოსკოვმა საქართველოს მეამბოხე რეგიონები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა; სტაბილურობა ამ რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისთვის, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია ბუნებრივი აირისთვის, რომელიც კასპიის ზღვიდან მიდის ევროპისაკენ და შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე. „ქართული ოცნება“, რომელმაც საარჩევნო გამოსვლებზე დიდი მასები მიიზიდა, აცხადებს, რომ მისი მუშაობა მუდმივად ფერხდება ხელისუფლების მიერ, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვებით ის 20 პროცენტით ჩამორჩება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„სახელმწიფო აუდიტორულმა სააგენტომ ამ თვის დასაწყისში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილისგან აღებული სესხით თანამგზავრული თეფშების გავრცელება არღვევს პარტიების დაფინანსების კანონს და ის 61 მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს.
სხვა საქმესთან დაკავშირებით, ივანიშვილი 11.2 მილიონი ლარით დააჯარიმეს და ჯარიმის მთლიანმა თანხამ 74.3 მილიონი ლარი შეადგინა. ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. სააკაშვილი მას გმობს როგორც კრემლის მარიონეტს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, თუმცა მაგნატმა ამას რუსეთში თავისი ქონების გაყიდვის დაპირებით უპასუხა.
ივანიშვილს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობის მიღება მას შემდეგ, რაც მთავრობამ მას იმის გამო, რომ ის საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეც იყო, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
მას შემდეგ მან უარი თქვა რუსულ პასპორტზე და განაცხადა, რომ უარს იტყვის ფრანგულზეც მას შემდეგ, რაც ქართულ პასპორტს მიიღებს. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მას, შევიდეს პარლამენტში – პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელმაც 5 წელი იცხოვრა საქართველოში, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა“,– წერს „Reuter“.