პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საპროტესტო აქციებს აპირებს
თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – სათავო ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს პარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ შუშანიამ და მისმა დედამ მაკა ლატარიამ. როგორც მაკა ლატარიამ აღნიშნა, 20 ივნისს იგი სახლიდან ხობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დიმა ჭაკუამ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის პირველმა მოადგილე გაგა მკურნალაძემ მოტყუებით გაიყვანეს, სასჯელაღსრულების უკანა ეზოში საათ-ნახევარი მანქანაში დააკავეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
ლატარია იმასაც ამბობს, რომ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჭაკუამ მას აგენტობა მოსთხოვა და ბრალი დასდო თავისი ოჯახის ამბების გახმაურებაში, ამასთან, ჭაკუა მას ოჯახის წევრების გაქრობით დაემუქრა. ის მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როცა აუხსნა, რომ მან სახლიდან გამოსვლამდე შეატყობინა შვილებს, ვისთან ერთად მიდიოდა. პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ შუშანიამ ამ ფაქტს პოლიტიკური დევნა უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება დედამისზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც 12 მაისს პარტიის მიერ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ მიტინგებზე იგი მწვავე განცხადებებს არ ერიდებოდა. მისი თქმით, მასზე დღემდე ხორციელდება ზემოქმედება სატელეფონო ზარების მეშვეობით. „ყოველდღე ჩემ მიმართ მუქარა არ წყდება. მირეკავენ, მემუქრებიან ოჯახის წამებით, გაქრობით. ეს ყველაფერი დაგეგმილია ბაჩო ახალაიას კაბინეტში. მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი ლიკვიდაცია, მაგრამ არ მეშინია, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და საჯაროს გავხდი მათ სახელმწიფო პოლიტიკას“, – განაცხადაა პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. მაკა ლატარიას ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და მომხდართან დაკავშირებით საჩივრის შეტანას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში აპირებს. პარტიის წარმომადგენლები ამ და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის მოემზადებიან.