სამართალი
„გლობალ TV“-ის სატელიტური ანტენები დააყადაღეს

1-global-samarTali-2თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა და რომელშიც, ასევე, ჩართულია საკაბელო ოპერატორი და სატელიტური ანტენების პროვაიდერი „გლობალ TV“, ახალი გარემოება გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.

პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან სთხოვა სასამართლოს, „გლობალ  კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები დაეყადაღებინა. ეს კომპანია „გლობალ TV“-ის სახელით არის ცნობილი და მისი თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა.

ცოტა ხნის წინათ კონტროლის პალატამ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით „გლობალ TV“-ის მიერ კლიენტებისთვის სატელიტური ანტენების „უფასოდ“ დამონტაჟება პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაა. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება ნიშნავდა ამომრჩევლებისთვის 12 622 019 ლარის ღირებულების საჩუქრების დარიგებას. კონტროლის პალატის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარეს და ივანიშვილს საბოლოო ჯამში 63.1 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს. ცალკე საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს 11.21 მილიონი ლარის ჯარიმაც დაეკისრა, რის შედეგადაც მთლიანმა ფინანსური ჯარიმამ 74.32 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა 21 ივნისს, რომ „კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით სატელევიზიო ანტენების გადაცემა“. პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს „დანაშაულის ნიშნებს“, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.

ამ განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ რამდენიმე კომპანიაში, სადაც „გლობალ TV“-ის ანტენები ინახებოდა, პოლიცია შევიდა.

„კომპანია „ელიტა ბურჯის“ ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით“, – ნათქვამია პროკურატურის ცალკე განცხადებაში, რომელიც, ასევე, დასძენს, რომ პოლიციელთა მოქმედება „ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უკავშირედბა „ელიტა ბურჯის“ სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას“.

თვის დასაწყისში ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც, ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.

„გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია „მე-9 არხი“ მაუწყებლობს. არხი სატელიტზეც გადის.