საზოგადოება
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები

1-Semowiruloba-sazogadoeba-თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ყველაზე მდიდარ პოლიტიკურ პარტიად რჩება წელს მიღებული ფინანსური შემოწირულობების მიხედვით, შემდეგ კი მოდის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“.

კანონი კრძალავს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღებას და საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკური პარტიებისთვის წელიწადში, მაქსიმუმ, 60 000 ლარის შემოწირულობის გაკეთების საშუალებას აძლევს.

კონტროლის პალატამ იმ პარტიების ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა, რომელთაც 2012 წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდზე წარუდგინეს მას ინფორმაცია მიღებული შემოწირულობების თაობაზე.

მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლის პალატაში წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, პარტიამ ფინანსური შემოწირულობების სახით 73 პირისგან 1.74 მილიონი ლარი მიიღო, 22 500 ლარი  – არაფულადი შემოწირულობის სახით.

„ნაციონალური მოძრაობის“ დონორთა უმეტესობამ პარტიას დიდი თანხები ჩაურიცხა, მათგან 14-მა – მაქსიმალური ოდენობა – 60 000 ლარი გაიღო.

იმ ფიზიკურ პირებს შორის, რომელთაც მმართველ პარტიას უმსხვილესი შემოწირულობები ჩაურიცხეს, სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და აღმასრულებელი დირექტორები არიან, მათ შორის, იმ სამშენებლო კომპანიების, რომლებიც ადრე, როცა იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღება ნებადართული იყო, მმართველ პარტიას შემოწირულობებს ურიცხავდნენ.

კომპანია „მადნეულის“ ადმინისტრაციის სამმა წარმომადგენელმა, მათ შორის, ფინანსურმა დირექტორმა, შესყიდვების დირექტორმა და წარმოების დირექტორმა მმართველ პარტიას საერთო ჯამში 180 000 ლარის შემოწირულობა ჩაურიცხეს და კომპანიის კიდევ ერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა გიორგი დევაძემ,  რომელიც შემოწირულობის გაკეთების დროს „მადნეულის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, 60 000 ლარის შემოწირულობა გააკეთა.

ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატიული პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“), რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციაქართული ოცნებაში არიან გაერთიანებული, ფინანსური შემოწირულობის სახით ჯამში 1.17 მილიონი ლარი მიიღეს.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პოლიტიკური პარტია არ არის, მაგრამ მაინც მოუწია ფინანსური დეკლარაციის შევსებამ ივანიშვილთან მისი ასოცირების გამო,  225 პირისგან სულ 492 917 ლარი მიიღო.

საზოგადოებრივი მოძრაობის შემოწირულობის სტრუქტურა სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმით განსხვავდება, რომ, დაახლოებით, 135 მოქალაქემ  ამ ორგანიზაციას 100 ლარზე ნაკლები თანხა, მათ შორის, ბევრმა მათგანმა 1-დან 50 ლარამდე ოდენობით გადაურიცხა. თუმცა, ამასთან, დაახლოებით, 12 ფიზიკური პირის შემოწირულობა 10 000-დან 60 000 ლარამდე მერყეობს.

ივანიშვილის ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ 5 პირისგან სულ 43 923 ლარის შემოწირულობა მიიღო, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძისგან  – 10 562 ლარი.

რესპუბლიკურმა პარტიამ 24 ფიზიკური პირისგან 127 215 ლარის ფინანსური შემოწირულობა მიიღო, მათ შორის, 16 000 ლარი მისი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან; პარტიისთვის საოფისე ფართის სახით 20 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრემ, გაიღო.

ირაკლი ალასანიას  ჩვენი საქართველოთავისუფალმა დემოკრატებმა სულ 185 934 ლარის ფინანსური შემოწირულობა 22 პირისგან მიიღო; ამასთან, 20 000 ლარის ღირებულების მატერიალური შემოწირულობა საოფისე ფართის სახით – ალექსანდრე ივანიშვილისგან. უმსხვილეს სპონსორებს შორის არიან პარტიის ლიდერები,  მათ შორის, ირაკლი ალასანია, რომლის  შემოწირულობამ 30 000 ლარი შეადგინა.

კონსერვატიულმა პარტიამ 13 პირისგან სულ 171 518 ლარის შემოწირულობა მიიღო, მათ შორის, 57 640 ლარი მისივე ლიდერ ზვიად ძიძიგურისგან და 4 837 ლარი პარტიის საწევროების სახით.

ეროვნულ ფორუმს 44 პირისგან სულ 151 249 ლარის ფინანსური შემოწირულობა ჩაერიცხა, ხოლო 20 000 ლარი არაფულადი შემოწირულობის სახით ალექსანდრე ივანიშვილისგან მიიღო.

სხვა პარტიებიდან „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 7-მა ფიზიკურმა პირმა სულ 50 000 ლარის ფინანსური შემოწირულობა გადაურიცხა, მათ შორის, 20 000 ლარი მისი ერთ-ერთი ლიდერისგან – ლევან ვეფხვაძისგან, მიიღო.

ახალმა მემარჯვენეებმა 116 451 ლარის შემოწირულობა 9 პირისგან მიიღეს, მათ შორის, 30 000 ლარი პარტიის ლიდერ დავით გამყრელიძისგან.

იმ პარტიებს შორის, რომელთაც შემოწირულობების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღეს წლის პირველ ექვს თვეში, არის კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“. პარტიამ 9 მოქალაქისგან ჯამში  216 819 ლარის შემოწირულობა მიიღო.