საზოგადოება
„ქართული ოცნების“ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში შეტანილი საჩივრის შესახებ

1-biZinasazogadoeba-2თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის 20 ივნისს კოალიციის წარმომადგენლებმა თინათინ ხიდაშელმა, არჩილ კბილაშვილმა და ამერიკელმა ადვოკატმა მეთიუ ორსმანმა საჩივარი შეიტანეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში. საჩივარი ეყრდნობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს.

საქინფორმი „ქართული ოცნების“ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„საჩივარი შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევისა და მისთვის  ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმას. მოქალაქეობის თვითნებური ჩამორთმევა ცალსახად არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

20 მაისს ჟენევის პრესკლუბში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და უმძიმესი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლების, ჟენევაში აკრედიტებული მედიისა და პოლიტიკური უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის კომენტარები გააკეთეს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პრობლემის სიმძიმის, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების არაადეკვატურობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე დევნის, ზეწოლისა და პოლიტიკური რეპრესიების გახშირების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო ინსტიტუტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყონ, რათა უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების  ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა.

მეთიუ ორსმანმა გაიხსენა ჰილარი კლინტონის მოწოდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და კიდევ ერთხელ დეტალურად აღწერა ყველა ის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა და დარღვევა, რომლებიც ცალსახად იკვეთება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში.

აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხის სამართლებრივმა მხარემ. არჩილ კბილაშვილმა ამომწურავად ისაუბრა როგორც მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის, ისე სასამართლო წარმოების პროცესში არსებული დარღვევების ფაქტებზე.

გარდა ამისა, თავად საჩივარში დეტალურად არის საუბარი იმის შესახებ, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უფლებების აღდგენას  და თავისი არსით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის თვალის ახვევის მიზნით განხორციელებული ფარისევლური ქმედებაა. ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის, ინტერესებს და მისი დანაშაულებრივი ქმედების (მოქალაქეობის თვითნებური და უკანონო ჩამორთმევა) დაფარვას.

საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივაცია, რათა ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს მომავალ არჩევნებს.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის საერთაშორისოდ გარანტირებული პოლიტიკური უფლებები და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, აღუდგინოს  ბიძინა ივანიშვილს  მოქალაქეობა და პოლიტიკური უფლებები  2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში

ძირითადი დებულებები

 

2012 წლის 20 ივნისს, ოთხშაბათს, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა საჩივარი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში. საჩივარი ეყრდნობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს.

საჩივარში ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია მისი საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები – არაკანონიერად ჩამოართვა მას საქართველოს მოქალაქეობა და არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. უფრო კონკრეტულად კი, ამ საჩივრის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ბატონი ივანიშვილის ჩამოშორება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, არღვევს გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლსა და მე-15 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს, ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 1-ლი მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტს; მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტს; მე-19 მუხლის 1-2 პუნქტებს; 22-ე და 25-ე მუხლებს.

ქვემოთ მოყვანილია  ძირითადი ფაქტები და საქართველოს ხელისუფლების მიერ დარღვეული საერთაშორისო აქტების ნუსხა:

 

ძირითადი ფაქტები

–        2011 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ ბატონ ივანიშვილს არაკანონიერად ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა ოპოზიციური პარტიის შექმნისა და კენჭისყრის განზრახვის შესახებ;

–        საქართველოს ხელისუფლებამ არაკანონიერად უარყო ბატონი ივანიშვილის თხოვნა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

–        ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სასამართლოებში შეიტანა საჩივარი ამ გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა საბოლოო ვერდიქტი დღემდე არ არის გამოტანილი  და საქართველოში სასამართლოების მიერ გამოყენებული ვადების პრაქტიკა ადასტურებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და უწყების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 3 ყველაზე პრობლემატური საკითხიდან ერთ-ერთია „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გარანტიების თანასწორობის არარსებობის შესახებ“. არსებითად, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ ბატონი ივანიშვილი ვერ მიენდობა საქართველოს სასამართლოს მართებული და დროული მოქმედების თვალსაზრისით, ამ საქმის უკიდურესად პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე;

–        2012 წლის მაისში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორებები, რომელთა გაცხადებული მიზანი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კენჭისყრის საშუალების მიცემა. თუმცა ეს შესწორებები არ უბრუნებს ბატონ ივანიშვილს პოლიტიკურ უფლებებს სრული სახით და არც აძლევს საშუალებას, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. უფრო მეტიც, მისთვის მინიჭებული შეზღუდული უფლებების მოქმედების ვადა იწურება 2 წელიწადზე ნაკლებ დროში, რის შემდეგაც ისინი არაეფექტურად ჩაითვლება. არსებითად, ეს ცვლილებები ვერ ჩაითვლება ბატონი ივანიშვილის საჩივრის დაკმაყოფილებად;

–        ბატონი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სიტუაციის მთავარი წინაპირობა არის დემოკრატიის დაკნინება საქართველოში. სააკაშვილმა საქართველო ერთპარტიულ ავტოკრატიად გადააქცია, რომელიც მისი პირადი კონტროლის ქვეშ იმართება. საქართველოს პრეზიდენტობის, თითქმის, ათი წლის შემდეგ, ის ცდილობს ვლადიმერ პუტინის მიბაძვას და ძალაუფლების განუსაზღვრელი დროით შენარჩუნებას. სააკაშვილი იყენებს მისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო ძალაუფლების ყველა საშუალებას ოპოზიციის გასანადგურებლად. გარდა ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევისა, სახეზეა „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის, დაკავებისა და დაკითხვის, გამანადგურებელი და ალოგიკური ჯარიმების მკვეთრი ზრდა.

 

დარღვეული საერთაშორისო კანონები

–        პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება დისკრიმინაციისა და ხელისუფლების მხრიდან დევნის გარეშე საყოველთაო და ძირეული უფლებაა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლის თანახმად, „ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა“.

–        ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიერ აღიარებულ მრავალუფლებათაგანი არის მოქალაქეობის უფლება, რომელიც აღიარებული უნდა იყოს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა: „არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა“;

–        საქართველო შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს და მის ფაკულტატურ ოქმს, რომელიც, მითითებებს იძლევა ადამიანისა და მოქალაქეობისა და სამართლებრივი გარანტიების მკაცრი დაცვის, ასევე, თავისუფლების დაცვის შესახებ;

–        საქართველომ დაარღვია ბატონი ივანიშვილის საერთაშორისო პაქტის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის დადგენილი უფლება, რომლის ძალითაც, ადამიანები „თავისუფლად თავად ირჩევენ და ადგენენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას“. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამ უფლების დაცვის ვალდებულებას სწორედ სახელმწიფოს აკისრებს. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი კი სახელმწიფოსაგან მოითხოვს: „პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო“.

–        დარღვეულია მუხლი 22 (1), რომელიც ცალსახად ადგენს გაერთიანების უფლებას. როგორც მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, „საერთშორისო კანონები ავალდებულებს სახელმწიფოს, პატივი სცეს ყველა პიროვნების უფლებას, თავისუფლად გაერთიანდეს, მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლის თანამხმად, „თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან გაერთიანების უფლება, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებით“; სწორედ კონვენციის ეს მუხლებია დარღვეული ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.

–        სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ადამიანის უფლება, „დაუბრკოლებლად იქონიოს საკუთარი მოსაზრება“. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი კი იძლევა გარანტიას, რომ „თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და მოსაზრება“. ამ დებულების ძალით, ყველა ადამიანს ენიჭება უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ნებისმიერი საშუალებითა თუ ფორმით, ნებისმიერი მედიასაშუალების დახმარებით. მონაწილე ქვეყნებისაგან ყველა ადამიანისათვის ამ უფლების გარანტიის მოთხოვნის ძალით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ეს უფლება იქცევა საყოველთაო უფლებად და ეხება მოცემულ სახელმწიფოში მყოფ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და სტატუსისა. ბიძინა ივანიშვილისათვის პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვა და მისთვის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქოსათვის, სპეციალური შეზღუდვების დაწესება, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის თვალსაზრისით, კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევაა;

მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს, მან აიღო ამ პაქტის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაც – დაიცვას ყოველი მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საქმეთა წარმართვაში (უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით) და „მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას“, ასევე, ჰქონდეს მისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა. ბატონი ივანიშვილის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევამ შეუზღუდა მას საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება“.