პოლიტიკა
თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. „არშემდგარი ქვეყნების 2012 წლის რეიტინგში“, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „The Fund For Peace“-მა შეადგინა, საქართველო 84,8 ქულით 177 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უზბეკეთზე (39-ე ადგილი), ყირგიზეთსა (41-ე) და ტაჯიკეთზე (46-ე) უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში თურქეთი – 85-ე, სომხეთი – 102-ე, აზერბაიჯანი – 68-ე, ხოლო რუსეთი 83-ე ადგილს იკავებენ და ამ მაჩვენებლებით საქართველოს უსწრებენ. რეიტინგში დაკავებული პირველი ადგილი ყველაზე უარესი მაჩვენებელია, ხოლო ბოლო ადგილი – უკეთესი. ირკვევა, რომ ყველაზე არშემდგარი ქვეყანა სომალია (პირველი ადგილი), ხოლო ყველაზე წარმატებული – ფინეთი (177-ე ადგილი).რეიტინგი ქვეყნებში კანონდარღვევების ფაქტების რაოდენობას, არაეფექტიან მმართველობას, ტერორიზმს, მეკობრეობას, დევნილთა რაოდენობასა და სხვა კრიტერიუმებს ემყარება.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები ისეთ ქვეყნებს აქვთ, როგორიცაა: ჯიბუტი, პაპუა-ახალი გვინეა, მოზამბიკი, ბუტანი, გამბია, ფიჯი, ტანზანია, ნიკარაგუა, კაპე ვერდე, გაბონი, ბოტსვანა, ბრუნეი, ანტიგუა და ბარბუდა და მავრიტანია. თავის მხრივ, საქართველო ირანს, ნიგერიას, კამერუნს, ავღანეთსა და ერაყს უსწრებს.