თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშში 186 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის ქალების სექსუალური ტრეფიკინგისა და კაცებისა და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც. ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ისე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წლებში ასეთი შემთხვევები ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. იყო შემთხვევებიც, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან (შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც) ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ, საუნებში, სტრიპტიზკლუბებსა და სასტუმროებში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, კაცები და ქალები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან საქართველოში, ხოლო ქართველები იძულებითი მუშაობის მსხვერპლნი არიან რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უცხოელები სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე და სახლის დამლაგებლებად იძულებით ამუშავეს. „გასულ წლებში თურქი მამაკაცები გახდნენ იძულებითი შრომის მხვერპლნი აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის“, – ნათქვამია ანგარიშში.
აქვე მოყვანილია ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ხშირად აქვს ადგილი მათ ექსპლუატაციას, რაც იმით გამოიხატება, რომ მათ აიძულებენ მათხოვრობასა და ქურდობას და ზოგჯერ ამ იძულებას საკუთარი მშობლები ახორციელებენ.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა იმ პერიოდში, რა დროშიც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების რაოდენობა გაზარდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ტრენინგების დაფინანსება, საინფორმაციო კამპანია.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, უფრო მეტი მეთოდი იქნეს გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად; უნდა მოხდეს ამ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობოების დაფინანსება; საზღვრები უნდა გაკონტროლდეს, რამდენად თავისი ნებით შემოდიან საქართველოში უცხოეთის მოქალაქეები; ასევე, არ მოხდეს ბავშვების დასჯა, რომელთაც აიძულებენ ქურდობას. აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ გამოიძიონ და დაისაჯონ ის პირები, ვინც ტრეფიკინგს ახორციელებს.
ანგარიშში მოყვანილია შრომით უფლებებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ტრეფიკინგს ხელს უწყობს შრომითი ინსპექციის ნაკლებობა და „შრომის კოდექსის“ სისუსტე.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტრეფიკინგის მსხვერპლი 27 მილიონი ადამიანია.