სამართალი
ივანიშვილი: „ჩემ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია სააკაშვილის უბადრუკი ოინებია!“

1-biZina-2samartali-2თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის საქმეზე აღსრულების პროცედურები დაიწყო.

„აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას – 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. – ასევე, ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები“.

არსებული წესის თანახმად, ბიურომ ხუთი დღის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს წინადადება ივანიშვილს გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე; ამის პარალელურად აღმასრულებელი დაიწყებს მისი ქონების მოძიებას, რომელიც აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი; აუქციონის გზით მიღებული თანხიდან იფარება ჯარიმა და სააღსრულებო მომსახურების საფასური, ხოლო ზედმეტი თანხა, თუკი ასეთი დარჩა, უკან ბრუნდება.

აღსრულების ბიუროს ცნობით, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან აღსრულების ორი ფურცელი მიიღო, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს ორ საქმესთან დაკავშირებით მთლიანობაში 74 325 065 ლარის (63 110 095 ლარი და 11 214 970  ლარი) ჯარიმის გადახდა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაპირველად დაკისრებული 148.68 მილიონი ლარის ჯარიმის ოდენობა, დაამტკიცა რა კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ივანიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში იქნა დადანაშაულებული.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი საწინააღმდეგო კამპანია „სააკაშვილის უბადრუკი ოინებია“ და ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.