საზოგადოება
კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

1-WeliZe-sazogadoeba-3თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან ატყობინებენ, კოალიცია კურტანიძე-ჭელიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის, პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერებისა და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ.

პირიქით, ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში.

ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს პოლიციელ ლაშა კურტანიძის ბედი, რომელიც შესაძლოა, თავად იყოს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. როგორც მისი მეუღლის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიტანილი წერილიდან იკვეთება, ლაშა კურტანიძის მიმართ თბილისის საპატრულო პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელ გიორგი გეგეჭკორის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა წამებისა და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტს, რის შემდეგაც, ლაშა კურტანიძე იძულებული გახდა, ჯერ მიეცა ცრუ ჩვენება, ხოლო შემდეგ მიმალულიყო.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირი და მისი ოჯახი  სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ამ საქმესთან შეხება არ აქვს, ჩვენ ვუცხადებთ ლაშა კურტანიძის ოჯახს თანადგომას და კანონით დაშვებულ ყველა ზომას მივმართავთ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მათი მხარდაჭერის მიზნით. ლაშა კურტანიძის საქმე აჩვენებს, თუ როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება სამშობლოს სამსახურში მდგარ პოლიციელებს.

ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს როგორც ლაშა კურტანიძის ოჯახის, ისე პატიმარ ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რომელთაც, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მიაცემინეს მათთვის საჭირო ე.წ. აღიარებითი ჩვენება.

მოვითხოვთ,  აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წერილში მოყვანილი წამებისა და მუქარის ფაქტზე, დაიკითხოს გიორგი გეგეჭკორი, დადგინდეს სიმართლე და დაისაჯონ დამნაშავეები“.

შეგახსენებთ: შს სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ზაზა ჭელიძემ პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და პოლიციელების განწყობების და შეხვედრების ფარული გადაღება მოსთხოვა. ჩანაწერის სანაცვლოდ, ჭელიძემ კურტანიძეს კონვერტი გადასცა, რომელშიც 3 ათასი დოლარი იყო და რომელიც, ქართული ოცნების წევრ ირაკლი სესიაშვილისგან მიიღო. ჩვენებაში ჭელიძე ყვება, რომ კურტანიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი სესიაშვილს გადასცა.

კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში, მოახდინა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, შემდეგ ჯერზე მან ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. ზაზა ჭელიძე დაკავებულია, ლაშა კურტანიძე კი ძებნაშია. კურტანიძის მეუღლე გამოძიებამ უკვე დაკითხა.