პოლიტიკა
სააკაშვილი: „ჩემი პროფესია ოცნებების ახდენაა“

1-saakapolitika-1თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად რუსთავში ახალი საცურაო აუზი გახსნა და აკვაპარკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

მანამდე პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლი მოინახულა, სადაც 8 ბავშვი იზრდება და ისინი აუზის გახსნაზე წაიყვანა.

„თქვენზე გავიგე, კეთილიაო და იმედია, ოცნებებს აგვიხდენთ“, – მიმართა ერთ-ერთმა ბავშვმა პრეზიდენტს.

„ჩემი პროფესიაა ოცნებების ახდენა, აბა, რა. აბა, მითხარით, რა გჭირდებათ?“ – უპასუხა პრეზიდენტმა.

„რუსთავში ათოსნობა ძალიან მაგარი საქმეა. თუ ათოსანი ხარ, კომპიუტერს იღებ და საქართველოში ყველაზე მაგარ აუზში შეგიძლია, მოხვიდე და იცურაო. თქვენც გაქვთ აბონემენტები და კიდევ ვეხმარებით მათ, ვისაც საშუალება არ აქვს, სოციალურად გაჭირვებულებს, რომ აქ იარონ და, შესაბამისად, გაკაჟდნენ. ესაა აუზი თქვენთვის და არა ცხვირაწეული ხალხისთვის“, –  მიმართა პრეზიდენტმა ბავშვებს.

მისივე თქმით, როცა ის პრეზიდენტი გახდა, საქართველოში ერთადერთი მოქმედი აუზი „ლაგუნა ვერეზე“ იყო, თუმცა შემდეგ – ჯერ თბილისში, შემდეგ კი აუზების გაკეთება მთელ საქართველოში დაიწყო.

„რუსთავი ძალიან მაგარი ქალაქი ხდება. ვინც არ ყოფილა აქ დიდი ხნის განმავლობაში, უნდა ჩამოიყვანო და ექსკურსიებზე ატარო. ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები იქნება, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან განვითარებულია, ამასთან, თბილისთან ავტობანი დააკავშირებს. ეს რამდენიმე წლის წინ მომაკვდავი ქალაქი იყო და ახლა ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ეს ყველაფერი კი რუსთავში ბინის ფასებს ზრდის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ახალი საცურაო აუზის დათვალიერებისას, რის შემდეგაც მან რუსთავის აკვაპარკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

„ჩვენ გახსნას ვერ ვასწრებთ ხოლმე, რომ მშენებლობა მთავრდება. ახლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ წყალი ჩამოდის, ქარი უბერავს, ათასგვარი სისულელე, მაგრამ რაც უნდა ილანძღონ, მთავარია, საქმე გაკეთდეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.