თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თბილისის მერ გიგი უგულავას და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილს სასამართლოში უჩივის.
ვანო ჩხარტიშვილის აღნიშნული განცხადება სასტუმრო „თბილისი მარიოტ ში“ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატებმა საიმონ კაჯეთბრაუნმა და თემურ მამასახლისმა გააცნეს.„გარწმუნებთ, რომ ტელეკომპანია „მზეს“ სასამართლოს ძალისხმევით აუცილებლად დავიბრუნებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ტელეკომპანია „მზის“ მითვისების დოკუმენტურად დადგენილ დანაშაულში, ფაქტობრივად, მონაწილეობდნენ პრეზიდენტის აპარატის მაშინდელი უფროსი და თბილისის ამჟამინჟდელი მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი“, – აღნიშნულია ჩხარტიშვილის განცხადებაში.
ჩხარტიშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ საქართველოში სასამართლო პროცესი იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და ამიტომ პარალელურ რეჟიმში საქმის წარმოება საერთაშორისო სასამართლოებშიც დაიწყება.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნულმა პირებმა უკანონო ქმედების ჩემთვის მოყენებულ ზიანზე პასუხი აგონ არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ პირადი ქონებით. მჯერა, რომ საერთაშორისო სასამართლო მათ სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს. ამოღებული თანხა კი თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისი ადვოკატების განცხადებით, ეს არ არის რიგითი ქონებრივი დავა, რომლის უკანაც კერძო ინტერესი დგას.
„ამის დასტურად აქვე ვაცხადებ, რომ დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია „მზე“ სამართავად საზოგადოებრივ საბჭოს გადაეცემა, რათა ქართველ საზოგადოებას ძლიერი საგანმანათლებლო შემეცნებითი არხი ჰქონდეს“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში, რაც ჩხარტიშვილი იძულებით ემიგრაციაში იმყოფება, სააკაშვილის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა მის წინააღმდეგ არარსებული ბრალდებების შესათითხნად.
„ჩვენი ამჟამინდელი ნაბიჯები მათი დამატებითი მოტივია დევნისა და თავდასხმების გასაორმაგებლად, მაგრამ ვერც სახელისუფლებლო მედიის შავი პიარი და ვერც ხელისუფლების მხრიდან გამოგონილ ბრალდებებზე სისხლის სამართლის საქმის შესაძლო აღძვრა ვერ შემაჩერებს და ვერ ამაღებინებს ხელს სამართლიანობისთვის ბრძოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვანო ჩხარტიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის – თემურ მამასახლისის, განცხადებით, სარჩელები დასრულების პროცესშია და ისინი ქართულ და უცხოურ სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.
ადვოკატების თქმით, სასამართლო სარჩელის მიმართულება შეეხება როგორც უშუალოდ ტელეკომპანია „მზის“ საკითხს, ისე იმ მაღალჩინოსნების დასჯის საკითხს, ვინც ტელეკომპანია „მზის“ იძულების წესით ჩამორთმევის პროცესში მონაწილეობდა.
მამასახლისის თქმით, ზემოთაღნიშნული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათ უამრავი მტკიცებულებები აქვთ. ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ სასურველ შედეგს საქართველოს სასამართლოში თუ ვერა, უცხოურ სასამართლოში მაინც მიაღწევენ.
მამასახლისის თქმით, მათი სარჩელი შესაძლოა, ბრიტანულმა სასამართლომაც განიხილოს.